აყრილი იატაკი და ჩამტვრეული მინები - რა მდგომარეობაშია გლდანი-ნაძალადევში სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობა

სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის სერვის ცენტრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს თანამშრომელი ნინო ლეკიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

ფოტოებზე ჩანს, რომ შენობა ამორტიზებულია, აყრილია იატაკი და ა.შ.

„სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი–ნაძალადევის სერვის ცენტრის თანამშრომლები წლების განმავლობაში ფოტოებში ასახულ გარემოში მუშაობენ და სწორედ ამ პირობებში იღებენ მომსახურებას– შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნები, სოციალურად დაუცველი პირები და სხვ. აღნიშნულის შესახებ ჩვენს მიერ არაერთხელ იყო ინფორმირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, თუმცა, ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მსგავს გარემოში თითოეულ ჩვენს ბენეფიციარს უჩნდება სოციალური მუშაკების და ზოგადად სოციალური სამსახურის მიმართ უნდობლობის განცდა,“-წერს ლეკიშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ ამ შენობის მდგომარეობის შესახებ, ჟურნალისტის ია ვეკუას მიერ გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით, ორი წლის წინაც ვწერდით. მაშინ სოციალური მომსახურების სააგენტოში „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრეს, რომ შეიძლება მათ ყველა შენობაში ასეთი ვითარება არაა, თუმცა, აცხადებდნენ, რომ მათი თანამშრომლები არც ევრორემონტში ისხდნენ. მათივე თქმით, ბიუჯეტი, რაც გამოყოფილი აქვთ, ძირითადად ჯანდაცვის პროგრამას, პენსიებს, სოციალურ დახმარებებს და ა.შ. ხმარდება.

თაია არდოტელი