მიწის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება აღარ შეფერხდება - რა ცვლილებები შედის ორგანულ კანონში

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, საფინანსო ორგანიზაციებისათვის მიწის უზრუნველყოფის საგნად გამოყენება აღარ შეფერხდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხს ორგანული კანონი დაარეგულირებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი თებერვლიდან დაიწყებს.

„ჩვენ მორატორიუმით შევზღუდეთ მიწის როგორც უზრუნველყოფის საგნად ბანკისთვის მიმზიდველობის და ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები. ამ ნაწილში ფერმერებს ნამდვილად შეექმნათ პრობლემა. ესეც ჩვენი, ხელისუფლების ბრალია. ახალი კანონით, ფინანსურ ინსტიტუტებთან ფერმერებს მიწის უზრუნველყოფის სახით გამოყენების ნაწილში არანაირი პრობლემა აღარ ექნებათ. აქამდე მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ოდენობის მიწას ფლობდა ფერმერი, ბანკისთვის ეს აქტივი არ იყო საინტერესო.“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთადერთი აკრძალვა რასაც ახალი კანონი ითვალისწინებს, არის ის რომ ფინანსურ ინსტიტუტებს არ ექნებათ სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით მიწის გამოყენების შესაძლებლობა და უფლება.

„რაც შეეხება რეალიზაციას, ბანკებს მიწის რეალზაციის პრობლემა არ ექნებათ, ამას ეროვნული ბანკიც არეგულირებს. საფინანსო ინსტიტუტის ინტერესში არ შედის რომ დიდხანს ქონდეს ე.წ. გაფუჭებული კრედიტის აქტივი. ამასთან, ჩვენი თვითმიზანი უნდა იყოს რომ აგრარული სესხები არ გაპრობლემდეს და არცერთმა საქართველოს მოქალაქემ რისკის ქვეშ არ დააყენოს თავისი მიწის ნაკვეთი. დღეს რეალურად ბანკი აფასებს მიწის საბაზრო ღირებულების 50 %-ს და ყველაზე კარგ შემთხვევაში, ამ ნახევრის 70-80- %-ს იღებს როგორც უზრუნველყოფას. წარმოგიდგენიათ როგორაა შემცირებული უზრუნველყოფის კოეფიციენტი მიუხედავად ბენეფიციარის გადახდისუნარიანობისა. ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს გარკვეული რეგულაციები გათვალისწინებული,“-განმარტა დანელიამ.

ოთარ დანელიას თქმით, დღეს ბანკებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საერთოდ არ აინტერესებთ.

„ეს სწორიცაა, რადგან მათ არ იციან რა უყონ ამ აქტივს. რეალურად ბევრი ტრანზაქცია გააჩერა ჩვენს მიერვე მიღებულმა მორატორიუმმა. გვინდა რომ ეს პრობლემა მალევე მოვაგვაროთ და საკითხი ორგანული კანონით დავარეგულიროთ,“- განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მორატორიუმი 2017 წელს გამოცხადდა. გასული წლის დეკემბრიდან კი ახალი კონსტიტუციით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა შეიზღუდა.

ქრისტინე გამთენაძე