საქართველოში საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოვლინდა

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებს დღემდე არ ამოუღიათ და ეს უპრეცედენტო ფაქტია. გამოძიებამ დაადგინა, რომ სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან 93 ერთეული 30 კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინით ამოიღეს. საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს, რომლის საბაზრო ღირებულება ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს.