ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა სხდომის დაწყებამდე ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
„მხუთავმა აირმა ჩვენი 7 ახალგაზრდის, თანამოქალაქის სოცოცხლე შეიწირა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, მათ შორის ეს შეეხება, როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე გაზის მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს დღეს ამაზე საუბარი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. აუცილებელია ასევე მოქალაქეების ინფორმირება და საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.