ბათუმში საარჩევნო ფასდაკლებები მოქმედებს

ბათუმში საარჩევნო ფასდაკლებები მოქმედებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "მაკდონალდსში" 20% ფასდაკლება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რასაც "მაკდონალდსში" მისულ მომხმარებელს სალაროსთან გამოკრული სპეციალური ფლაერიც ამცნობს. საარჩევნო ფასდაკლებით "მაკდონალდსში" უკვე ისარგებლა ასაკოვანმა წყვილმა, მათ კომპანიის პროდუქცია შვილიშვილებისთვის შეიძინეს.

"მოვკარით ყური ამ რეკლამას, მოვედი მეუღლესთან ერთად და ვყიდულობ "მაკდონალდსის" პროდუქტს", - განაცხადა წყვილმა.

ფარმაცევტულ კომპანია PSP-ში 25%-მდე ფასდაკლებები მოქმედებს როგორც არჩევნებში მონაწილე მოქალაქეებისთვის, ასევე იმ პირებისთვისაც, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. აფთიაქის თანამშრომლების განმარტებით, ფასდაკლებებს სამშაბათსა და პარასკეობით აცხადებს, თუმცა დღეს სპეციალური ფასდაკლება არჩევნებთან დაკავშირებით მოქმედებს.

22 %-იანი ფასდაკლება მოქმედებს დღეს ფარმაცევტულ კომპანია "ჯი-პი-სი"-ში იმ პირებისთვის, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ბათუმში "ჯი-პი-სი"-ს ერთ-ერთ ფილიალში აცხადებენ, რომ ჯერ მარკირებაგავლილი მომხმარებელი მათთან არ მისულა.

კომპანია "გალფში" კი არჩევნებთან დაკავშირებით 5-თეთრიანი ფასდაკლება მოქმედებს. როგორც ერთ-ერთ ფილიალში აცხადებენ, რამდენიმე მომხმარებელმა უკვე ისარგებლა ამ ფასდაკლებით.

კომპანიების თანამშრომლები სპეციალური ფარანით ამოწმებენ, ფასდაკლების მსურველ მოქალაქეს მარკირება აქვს თუ არა გავლილი.