ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელ კორპუსებსა და თბილისურ ეზოებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 2 099 000 ლარია გათვალისწინებული.
თბილისის მერიის ცნობით, გასული წლიდან დღემდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახურავების რეაბილიტაცია 29 მისამართზე განხორციელდა. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N39ა-ში შესრულდა, სადაც 650 კვ.მ ფართობზე სახურავი და ასევე, წყალსაწრეტი მილები შეიცვალა.
შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„მოსახლეობისთვის კორპუსებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია. საბიუჯეტო რესურსის ფარგლებში, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ამხანაგობის განცხადება დავაფინანსოთ. საცხოვრებელ კორპუსებსა და თბილისურ ეზოებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2018 წელს ამხანაგობების 110 პროექტი დააფინანსა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში, 1 795 600 ლარი გამოიყო.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.