სახელმწიფო უწყებებში კიდევ გვაქვს ისეთი რგოლები, სადაც ეფექტურობა ძალიან დაბალია და ეს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტებმა პრემიერს იმის თაობაზე დაუსვეს კითხვა, მზად არის თუ არა მთავრობა, საჯარო უწყებებში მომუშავე მოხელეების 30%-ით შესამცირებლად იმისთვის, რომ რეალურად მცირე მთავრობა მივიღოთ.
„მცირე მთავრობის კონცეფცია ეფუძნება იმას, რომ სახელმწიფო აპარატის შენახვა გადასახადების გადამხდელებს უჯდებოდეთ რაც შეიძლება მცირე. ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. თქვენ იცით, რომ ჩემი მთავარი გზავნილი, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა დამამტკიცა, ჩვენ დავაწესებდით ჭერს 3,9%-ს მთლიანი შიდა პროდუქტიდან და ეს უზრუნველყოფილი იქნა. ეს არის ყველაზე მთავარი.
ვიზიარებ ნებისმიერი ექსპერტის თუ პოლიტიკოსის მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ეფექტურობა მმართველობის ყველა რგოლში. არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ სახელმწიფო უწყებებში კიდევ გვაქვს ისეთი რგლოები, სადაც ეფექტურობა ძალიან დაბალია და ეს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენ შევძელით ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტისთვის მინიმუმამდე დავიყვანეთ ასეთი აპარატის შენახვის ხარჯები და ახლა უნდა უზრუნველვყოთ მისი ეფექტურობა. ეფექტურობა გულისხმობს, მათ შორის, სხვადასხვა სისტემების დანერგვას. ეფექტურობის ამაღლება მათ შორის გულისხმობს სტრუქტურების ოპტიმიზაციას, კოორდინაციის მაღალ დონეს და ა.შ. ანუ ამოსავალი წერტილი ნამდვილად არ არის ის, რომ ადამიანების რაოდენობა შემცირდეს. ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტისთვის ეს არ იყოს ძალიან დიდი ტვირთი. 3,9% - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ამბიციური მაჩვენებელი,“ - განაცხადა ბახტაძემ.