უპროცენტო განვადების რეალური პროცენტი

დღესდღეობით კომერციული ბანკები მომხმარებლებს სხვადასხვა სახის საბანკო პროდუქტებს სთავაზობენ, რომელთა შორის უპროცენტო განვადება და მისი პირობები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

ამ თემაზე კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკებმა” ჩაატარა.

მათი ინფორმაციით, უპროცენტო განვადების პირობებთან დაკავშირებით, ბანკები ხშირად სარეკლამო კამპანიას ეწევიან, რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მეტწილად არასწორად აღიქმება. დღეს საქართველოში, მომხმარებლების გარკვეული ნაწილის აზრით, უპროცენტო განვადების შემთხვევაში, ისინი შეძენილ პროდუქციაში მხოლოდ სავაჭრო ქსელის საწყის ფასს იხდიან (რადგან საპროცენტო განაკვეთი ნულია).

”საზოგადოება და ბანკები” კომერციული ბანკების უპროცენტო განვადების პირობებით დაინტერესდა და საზოგადოების ეს მოსაზრება გადაამოწმა.

ამ განვადების პირობები არა თუ ყველა ბანკს, არამედ თითოეულ ბანკს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში სხვადასხვა აქვს.

”საზოგადოება და ბანკებმა”  მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ უპროცენტო განვადების პირობები, არა თუ ყველა ბანკს, არამედ თითოეულ სავაჭრო ქსელს ინდივიდუალური აქვს. თუმცა უპროცენტო განვადების სესხის ვადა მეტწილად ყველა ბანკის შემთხვევაში, 3-36 თვის და სესხის მოცულობა კი 100-5000 ლარის ფარგლებშია. უპროცენტო განვადებისას მომხმარებელი პროდუქციაში გაცემის/დამტკიცების საკომისიოს და ფასნამატს იხდის. თუ საკომისიო არის 0%, მაშინ ფასნამატი შედარებით მაღალია და პირიქით; თუ ფასნამატია დაბალი, მაშინ გაცემის/დამტკიცების საკომისიოა შედარებით მაღალი. თუ მომხმარებელს საკომისიოს ერთჯერადად გადახდის საშუალება არა აქვს, მაშინ მისი განაკვეთი იზრდება და სესხის ვადაზე ნაწილდება.

ზოგადად გაცემის/დამტკიცების საკომისიოს, თანამონაწილეობის პროცენტის, სესხის მოცულობის და ვადის მრავალი კომბინაცია შეიძლება გაკეთდეს, ეს კი ბანკზე და კონკრეტულ სავაჭრო ქსელზეა დამოკიდებული. უპროცენტო განვადებისას ყველანაირ შემთხვევაში, მომხმარებელი პროდუქციის საწყის სავაჭრო ღირებულებაზე მეტს იხდის, რაც ფასნამატში და გაცემის/დამტკიცების საკომისიოში გამოიხატება.

"ნულ პროცენტიანი განვადებისას მომხმარებელი მხოლოდ შეძენილი პროდუქტის ღირებულებას იხდის - ეს აზრი მცდარია,”- ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.