"განვიხილავთ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ენერგეტიკული და მათ შორის გაზის ბაზრის დარეგულირებისთვის უფრო მეტი კონკურენციის შემოტანას"

განვიხილავთ საკმაოდ სერიოზულ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ენერგეტიკული ბაზრის და მათ შორის გაზის ბაზრის დარეგულირებისთვის უფრო მეტი კონკურენციის შემოტანას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მინისტრი გამოეხმაურა „სოკარ ჯორჯია გაზის“ გადაწყვეტილებას კომერციული მომხმარებლებისთვის 1-ელი მარტიდან გაზზე ტარიფის 11 თეთრით გაზრდის შესახებ.

მინისტრის ინფორმაციით, როგორც გაზის, ისე ენერგეტიკის ბაზარზე ახალი კერძო კომპანიები გაჩნდებიან, რის შედეგადაც კონკურენცია გაიზრდება და ტარიფი დარეგულირდება.

„ტარიფების მატება არ შეეხება მოსახლეობას. რაც შეეხება კომერციულ აბონენტებს, აქ შეიძლება მოხდეს განსაზღვრული მატება, თუმცა ეს მატება არ იქნება დიდი. ეს ფარავს უფრო ინფლაციურ პროცესს. რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი ტვირთი კომერციული ორგანიზაციებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენი კანონმდებლობა ამბობს იმას, რომ ჩვენ არ ვარეგულირებთ კომერციულ სუბიექტებს შორის ურთიერთობას. ამავე დროს, ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ სერიოზულ პროგრამას, რომელიც გულისხმობს ენერგეტიკული ბაზრის და მათ შორის გაზის ბაზრის დარეგულირებისთვის უფრო მეტი კონკურენციის შემოტანას. წელს უკვე ცოტა სხვანაირი ბაზარი გვექნება. როგორც გაზში, ასევე ელექტროენერგიაში, სადაც იქნება უფრო მეტი კონკურენცია. მომხმარებელი შეძლებს, რომ გაზი იყიდოს არა მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან, არამედ თავად აირჩიოს. ამ შემთხვევაში გაჩნდება ბაზარზე კონკურენცია. ამით მოხდება კონკურენცია,“ - განაცხადა ქობულიამ.