დილიდან საარჩევნო ფასდაკლებები მოქმედებს

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, დილიდან ფასდაკლებები მოქმედებს.

”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი PSP-ს აფთიაქში იმყოფებოდა, სადაც მომხმარებელი მედიკამენტზე ფასდაკლებას იღებს, თუმცა უმეტესობისთვის უცნობია, რას უკავშირდება ფასდაკლება.

კომპანიების შეთავაზებაზე, რომელიც მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ფასდაკლებას ითვალისწინებს, PSP-ს აფთიაქში მომხმარებლის უმეტესობა ინფორმირებული არ იყო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ დღეს აფთიაქში ფასდაკლება მოქმედებს, თუმცა არ იციან, რამდენი პროცენტია ფასდაკლება და რას უკავშირდება ეს.

ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ მედიკამენტზე 20-25 %-იანი ფასდაკლება მიიღო, თუმცა არჩევნებზე არ ყოფილა და აფთიაქში მათი მარკირება არავის შეუმოწმებია. პსპ-ს თანამშრომლები კი, საპირისპიროს აცხადებენ. აფთიაქის თანამშრომლების თქმით, ამომრჩეველთა მარკირებას ლაზერული აპარატით ამოწმებენ. მომხმარებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე მოსახლეობა კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასდაკლების გარეშეც უნდა მიდიოდეს.

12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.

შესაბამისი სარეკლამო რგოლები უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდნენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ. კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იან ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იან ფასდაკლებას "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიან ფასდაკლებას "გალფსა" და "ვისოლში".