2016 წელს დაანონსებული პროექტი საბოლოო სახეს ორი წლის შემდეგ მიიღებს. საუბარია ბიზნეს სახლზე, რომლის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი რამდენჯერმე გაიმართა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, თბილისის ბიზნეს სახლის მშენებლობის პირველი ფაზა 2019 წელს დასრულდება. როგორც ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, უკვე მომზადებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
„ბიზნეს სახლის მშენებლობის პროცესში ჩვენ მეორე ფაზის განმახორციელებელი სტრუქტურა ვართ. კარკასის მშენებლობას ასრულებს ეკონომიკის სამინისტრო. რაც შეეხება შიდა და გარე ფასადის მოპირკეთებას, ამ პროცესში ჩავერთვებით ჩვენ. ბიზნეს სახლის ტერიტორიაზე ერთ სივრცეში მოხდება სხვადასხვა სახელმწიფო და ბიზნეს-სერვისების მომხმარებლისთვის შეთავაზება“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, ბიზნეს სახლის მშენებლობაში ფონდი 55 მილიონს დახარჯავს.
ბიზნეს სახლის მშენებლობა თბილისში, ორთაჭალაში გულიას ქუჩაზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ბიზნეს სახლის პროექტზე საუბარი მთავრობამ აქტიურად 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო.