ევროკავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში აისახა.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, ევროკავშირი ქვეყნის მთავარი ბანკის საქმიანობას დადებითად აფასებს. „ანგარიშში ხაზგასმულია ფინანსური მომსახურების კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც საქართველოს ეროვნული ბანკი აძლიერებს საბანკო სისტემის, გადახდების, კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის ჩარჩოებს.

ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შესამუშავებლად, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ფინანსური განათლების გასაუმჯობესებლად.

ანგარიშის მიხედვით, უიმედო სესხების საერთო მოცულობა წინა წელთან შედარებით 3.8%-დან 2.9%-მდე (2018 წლის იანვარი) შემცირდა.

„ცენტრალური ბანკი ასევე ასრულებს მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დანერგვას სავალუტო შეუსაბამობების, უძრავი ქონების რისკების და სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების საკითხების მოსაგვარებლად,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკავშირის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მიერ დედოლარიზაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ეს რიგით მესამე ყოველწლიური ანგარიშია“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.