„დღეის მდგომარეობით, პირველი სართული გარემონტებულია, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უკვე შევიტანთ ავეჯს, რის შემდეგაც დაიწყება მეორე სართულის რემონტი“ , - ასე ეხმაურება თბილისის სერვის ცენტრის დირექტორი გიორგი ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონის სერვის ცენტრის კრიტიკული მდგომარეობაა ასახული.
ფოტოები სააგენტოს თანამშრომელმა ნინო ლეკიშვილმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ შენობა ამორტიზებულია, აყრილია იატაკი და ა.შ.
როგორც ნინო ლეკიშვილი წერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი–ნაძალადევის სერვის ცენტრის თანამშრომლები წლების განმავლობაში ფოტოებში ასახულ გარემოში მუშაობენ და სწორედ ამ პირობებში იღებენ მომსახურებას – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნები, სოციალურად დაუცველი პირები და სხვ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის სერვის ცენტრის დირექტორი გიორგი ეპიტაშვილი ამბობს, რომ ფოტოები მეორე სართულის მდგომარეობას ასახავს, სადაც უახლოეს პერიოდში დაიწყება რემონტი. რაც შეეხება პირველ სართულს, სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და „ბიზნესპრესნიუსს“ შესაბამის ფოტო მასალასაც უგზავნის.
„მოგეხსენებათ, გლდანი-ნაძალადევის რაიონის სერვის ცენტრის ოფისი გახლავთ ორსართულიანი, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე იყო. ამიტომ, გასული წლის ზაფხულში დაიწყო მისი რემონტი. სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, სარემონტო სამუშაოები დროულად ვერ დაასრულა, რის გამოც შემოვიდა მეორე კომპანია. რემონტი დაგეგმილი იყო ორ ეტაპად, ჯერ უნდა განხორციელებულიყო პირველი სართულის რეაბილიტაცა, სადაც თანაშრომელთა რაღაც ნაწლი გადავიდოდა, რის შემდეგაც დაიწყებოდა გამოთავისუფლებული ფართის რემონტი.
დღეის მდგომარეობით პირველი სართული გარემონტებულია, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში უკვე შევიტანთ ავეჯს და თანამშრომლების ნაწილიც გადავა, რის შემდეგაც დაიწყება მეორე სართულის რემონტი. გავრცელებული ფოტოები სწორედ მეორე სართულის იყო“,-განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი ეპიტაშვილმა.