რა დაგიჯდებათ ფრენა ახალ ევროპულ მიმართულებებზე ქუთაისიდან

მიმდინარე წლის ზაფხულში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება.

კერძოდ, საუბარია, ეინდჰოვენის (ამსტერდამი), შარლერუას (ბრიუსელი), ტალინის, კოპენჰაგენის, ბარისა და ბაზელის მიმართულებებზე. ამ მიმართულებებით ფრენებს Wizz Air-ი ქუთაისიდან 1-ლი აგვისტოდან დაიწყებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ფასად იქნება შესაძლებელი ამ ახალ მიმართულებებზე ფრენა.

როგორც ამ ეტაპზე კომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, ქუთაისი-ეინდჰოვენი-ქუთაისის მიმართულებით, ერთი გზა 85 ლარიდან, დაბრუნება კი 250 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი; ქუთაისი-ბრიუსელი(შარლერუა)-ქუთაისის რეისზე ბილეთის ფასი ერთი გზა 85 ლარიდან იწყება; დასაბრუნებელი ბილეთის ფასი კი 300 ლარამდე აღწევს; ტალინის მიმართულებით ქუთაისიდან გაფრენა დაახლოებით, 70 ლარიდან დაგიჯდებათ, უკან დაბრუნებისას კი ბილეთის ფასი 250 ლარიდან იწყება; კოპენჰაგენის მიმართულებით ერთი გზა 140 ლარიდან იწყება, ქუთაისში დაბრუნებისთვის კი ბილეთის ფასი დაახლოებით, 250 ლარიდან იწყება; ქუთაისი-ბარი-ქუთაისის რეისზე ერთი გზის ფასი 77 ლარიდან, დასაბრუნებელი ბილეთის საფასური კი 300 ლარის ფარგლებშია; რაც შეეხება ბაზელს, აგვისტოში ქუთაისიდან გაფრენა დაახლოებით 85 ლარიდან; ხოლო საქართველოში დაბრუნება - 254 ლარიდან დაგიჯდებათ.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია Wizz Air-ი ამ ეტაპზე ევროპის 22 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ, რეგულარულ რეისებს.

თაია არდოტელი