რუსულმა ხორბალმა სიძვირის გამო ეგვიპტის ტენდერი წააგო

29 იანვარს ეგვიპტის სურსათის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 360 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა, რომელიც ქვეყანამ მარტის მეორე ნახევარში უნდა მიიღოს. ტენდერში რუსულმა ხორბალმა ფასის არაკონკურენტულობის გამო წააგო.

კერძოდ, ტენდერზე შეთავაზებული იყო რუსული ხორბლის ორი ფასი - 255 ან 260 დოლარი ტონაზე, მაშინ როცა, ფრანგულ ხორბალზე ფასები ტონაზე 243-249.7 დოლარი; ხოლო რუმინულზე - 249.8-259.9 დოლარი იყო. შესაბამისად, რუსულმა ხორბალმა ეგვიპტის ტენდერი სიძვირის გამო წააგო. შედეგად კი ეგვიპტე, რომელიც მსოფლიოში ხორბლის მოცულობების ნომერ პირველი შემსყიდველია, მარტში ხორბალს სწორედ საფრანგეთისა და რუმინეთისგან შეისყიდის.

СовЭкон-ს ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ბოლო ტენდერმა აჩვენა, რომ რუსულ ხორბალზე საექსპორტო მოთხოვნა მცირდება, ამის მიზეზი კი რუსეთში ხორბლის ფასების ზრდაა. რუსეთის მეხორბლეთა კავშირის ხელმძღვანელის არკადი ზოლოშევსკის განცხადებით, მარცვლეულის ფასი რუსეთში ახლა უმაღლეს დონეზეა. მისივე შეფასებით, სამომავლოდ ვითარება რამდენიმე ფაქტორზე - ვალუტის კურსზე, მოსავალსა და მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, ზოლოშევსკის შეფასებით, შემცირდება რუსული ხორბლის ექსპორტი. მისივე თქმით, ამ წლის იანვრის ბოლოსთვის რუსეთიდან საზღვარგარეთ მარცვლეულის მიწოდების მაჩვენებელი 2.75 მილიონი ტონაა, რაც 2018 წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით, 188% -ით ნაკლებია.

თაია არდოტელი