თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები დაინიშნება

თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები დაინიშნება.

რეისის თბილისი-მესტია-თბილისი ამოქმედების შესახებ დღეს ნატახტარის აეროდრომზე ოფიციალურად გამოცხადდება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თბილისიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები მნიშვნელოვან და სასარგებლო როლს ასრულებს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისათვის.

ავიარეისები თბილისიდან მესტიამდე საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობას - 7-8 საათს 45 წუთამდე შეამცირებს.

პირველი რეისი მესტიის მიმართულებით 18 ივლისს, პარასკევს შესრულდება. რეისები კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შესრულდება. გაფრენა 11:00 საათზე იქნება, გამოფრენა კი - 14:00 საათზე, ბილეთის ღირებულება 65 ლარი (ერთი მიმართულებით) იქნება.

ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" შეასრულებს, რომელმაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო და რეისებს ახალი, ჩეხური 15-ადგილიანი თვითმფრინავებით განახორციელებს.

სახელმწიფოს 3 წლის განმავლობაში განსაზღვრული აქვს ლიმიტირებული სუბსიდიით ავიაფრენების წახალისება, რათა კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით მეტი რეისის განხორციელება და რაც მთავარია, ფრენა ზამთრის პერიოდში.

მსურველებს ბილეთების შეძენა შეეძლებათ "ვანილა სქაის" სალაროებში ნატახტარის აეროდრომზე და თბილისში - მისამართზე: ბამბის რიგი #11; მესტიაში კი ბილეთები გაიყიდება მესტიის აეროპორტის სალაროებში.