ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგში თბილისი 194-ე ადგილზეა

ამერიკული ანალიტიკური კომპანია Mercer ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს.

Mercer-ის რეიტინგი შედგენილია ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა ფასები ტრანსპორტზე, საკვებზე, ტანსაცმელზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და გართობაზე.

ცხოვრების სიძვირის რეიტინგში სულ 211 ქალაქი მოხვდა, აქედან საქართველოს დედაქალაქი ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და ის 194-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს რეიტინგში 46-ე ადგილი (2013 წელს - 54-ე) უკავია, სომხეთის დედაქალაქ ერევანს კი 187-ე, თბილისის მეგობარი კიევი 98-ე პოზიციაზეა.

როგორც რეიტინგიდან ირკვევა, ყველაზე ძვირი ქალაქი უცხოელებისთვის ანგოლის დედაქალაქი ლუანდაა, მას მოსდევს ნჯამენა, ჩადის დედაქალაქი, მესამე ადგილზე კი ჰონგ-კონგია. მეოთხე-მეხუთე ადგილებს სინგაპური და ციურიხი (შვეიცარია) ინაწილებენ.

აღსანიშნავია, რომ ანგოლის დედაქალაქი რეიტინგში ლიდერის პოზიციაზე წელს უკვე მეორედ მოხვდა, Mercer-ის მიერ შედგენილ რეიტინგში კი თბილისი შარშან 195-ე ადგილზე იყო.

რაც შეეხებათ ევროპულ დედაქალაქებს, ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგში საფრანგეთის დედაქალაქი 27-ე ადგილზეა, რომი - 31-ე პოზიციას იკავებს, ვენა - 32, ბერლინი კი - 68-ეს.

რეიტინგში ბოლო პოზიციაზეა: ბიშკეკი (ყირგიზეთი), ვინდჰუკი (ნამიბია) და ყარაჩი (პაკისტანი).

წყარო: www.mercer.com