ქონების დაზღვევის ბაზარი 16%-ით გაიზარდა

საქართველოში ქონების დაზღვევის ბაზარი იზრდება. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ბოლო სტატისტიკით, ზრდამ ერთი წლის განმავლობაში 16% შეადგინა. თუ 2017 წლის სამ კვარტალში ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 56,77 მლნ ლარი იყო, 2018 წლის 9 თვეში ამ მაჩვენებელმა 64.77 მლნ ლარი შეადგინა.

ქონების დაზღვევის ბაზარი ძირითადად 5 კომპანიაზეა გადანაწილებული:

ალდაგი - 17,62 მლნ ლარით ბაზრის 27%-ს ფლობს

უნისონი - 14.29 მლნ ლარით ბაზრის 22%-ს ფლობს

ჯიპიაი - 12,18 მლნ ლარით ბაზრის 19%-ს ფლობს

თიბისი დაზღვევა - 8,57 მლნ ლარით ბაზრის 13%-ს ფლობს

ირაო - 5,72 მლნ ლარით ბაზრის 9%-ს ფლობს

დანარჩენი 6,39 მლნ ლარი სხვადასხვა კომპანიებზე ნაწილდება.

ამასთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკით, 2018 წლის სამ კვარტალში კომპანიებმა 34,66 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს თითქმის 21,51 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, კომპანიების წმინდა მოგებამ 13,15 მლნ ლარი შეადგინა.

2018 წლის მე-3 კვარტლის ბოლოსთვის მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 417,19 მლნ ლარი, 71.47 მლნ ლარით მეტი, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში. ასევე მკვეთრი ზრდაა აქტივებშიც. სექტორის აქტივების მოცულობა 712.33 მლნ ლარია, ნაცვლად წინა საანგარიშო პერიოდში არსებული 597.10 მილიონისა.

ბაზარზე ამ დროისათვის 17 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.