საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის) შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შესწავლა-შეფასება დაასრულა.
კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა ამხანაგობა ,,აქოლისი”, რომელშიც დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული 8 საპროექტო ჯგუფია გაერთიანებული.
UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. უსისტემო და ქაოტური ქალაქგანვითარების თავიდან აცილების მიზნით, UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავებული იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მის სიცოცხლისუნარიანობის განვითარებას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით კონკურსი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა ისტორიული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქალაქის განვითარება ამ დრომდე არ დაწყებულა. გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან 2016 წელს ამოიღო.
გეგმაზე მუშაობა თავდაპირველად მცხეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ დაიწყო. პროექტის შესადგენად გამოვლინდა საპროექტო კომპანია შპს „სალი- 2011“, რომელსაც მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 160 000 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიაში შემავალ არქიტექტორთა ჯგუფს ქალაქის განვითარების დოკუმენტი უნდა მოემზადებინა. თუმცა 2017 წელს უკვე გამზადებული დოკუმენტი ადგილობრივმა საკრებულომაც და იუნესკომაც დაიწუნეს.
როგორც მაშინ ითქვა, მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი ქალაქის იერსახეს სრულიად ცვლის, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს. ასევე, პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.