საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსებისა და სახლების ნაწილს გაზი პლასტმასის მილებით მიეწოდება.
ამიტომ გაზის გაჟონვის საფრთხე თითქმის ყველგანაა, სადაც მოსახლეობა ბუნებრივ აირს მოიხმარს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტების თქმით, იმის გამო, რომ სახელმწიფოსა და ამ კომპანიებს შორის კაბალური ხელშეკრულებებია გაფორმებული, ქვეყანაში არ არის ისეთი ზედამხედველობის სამსახური, რომელიც კერძო კომპანიებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას აიძულებს. ამასობაში მოსახლეობა თბილისსა და თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაზით იწამლება და იღუპება.
საქართველოში პირველი აღმოჩნდა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელმაც პირობა დადო, რომ ბუნებრივი აირის პლასტმასის მილები ყველგან შეიცვლება, რადგან იგი საფრთხეს შეიცავს. მისი განცხადებით, ადგილობრივებს კორპუსის გარე ფასადზე მიმაგრებული ბუნებრივი აირის პოლიეთილენის მილები პრობლემებს უქმნის.
„მიუხედავად იმისა, რომ „სოკარის" წარმომადგენლები ამბობენ, დღეს ეს მილები თითქოს უსაფრთხოა, მაგრამ მომავალში შეიძლება პრობლემა შეუქმნას მოსახლეობას", - განაცხადა ქუთაისის მერმა.
„ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა გარკვევას, იქნება თუ არა გადამდები ქუთაისის მაგალითი დედაქალაქისთვის, რომ გაზის მილები თბილისშიც შეიცვალოს „ყაზტრანსგაზის" დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში გიორგი ლეფსვერიძე ამტკიცებს, რომ შენობების ფასადებზე მასობრივად გამოიყენება ფოლადის მილები, რომლებიც სტანდარტს 100%-ით შეესაბამება და უსაფრთხოა. რაც შეეხება ბინებში გაზის მიწოდებას, მეტალოპლასტმასის მილები გამოიყენება.
„საცხოვრებელ სახლებსა და ბინებში მეტალოპლასტმასის მილები გამოიყენება. ყოვლად უსაფრთხო და კარგია, მაგრამ ეს გამოიყენება შიგნით და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, კორპუსის ფასადზე გავატაროთ. ჩვენ მიერ გამოყენებული მილები საერთაშორისო სტანდარტისაა, მთელი მსოფლიო იყენებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა. აუცილებელი პირობაა, რომ ფასადებზე გამოყენებულ იქნეს ფოლადის მილი. მომწოდებელი ქარხნის მიერ დამუშავებული მეთოდით მონტაჟდება გაზის დეტექტორიც, რომელიც გაჟონვისას სიგნალს გადასცემს და ავტომატურად ხდება გაზის მიწოდების გადაკეტვა.
საუბედუროდ, გაზის მილებთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრებები გვესმის, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოში გამოყენებული მილები სტანდარტის შესაბამისია და ზუსტად ანალოგიურია იმ ტექნოლოგიისა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები იყენებენ.
სახლის პირობებში, თუ წესების დაცვით არის მილი დამონტაჟებული, გადაბმის გარეშე, დგას დეტექტორი (ახლა აქტიურად მიდის საუბარი, რომ ყველა სახლში დამონტაჟდეს), ასეთი გაყვანილობა უსაფრთხოა. მთავარია, სპეციალისტების მიერ და წესების დაცვით იყოს დამონტაჟებული. როცა ექსპერტები ამბობენ, რომ ფასადებზე პოლიეთილენისა და მეტალოპლასტმასის მილებია გამოყენებული, ეს არ არის სიმართლე", - აცხადებს ლეფსვერიძე.
მითი თქმით, უსაფრხოების თვალსაზრისით, იდეალური ვარიანტია, რომ ყველა ოჯახი დეტექტორებით აღიჭურვოს.
„მოვუწოდებ ყველა აბონენტს, თუ უნდათ, რომ არ იყოს გაზმომარაგება მათ სახლში საშიში, დახურული წვის კამერიანი გამათბობელი დააყენონ, აღიჭურვონ დეტექტორით და არ ანდონ თავიანთ ბინაში არასპეციალისტებს გაზზე არანაირი მანიპულაციის შესაძლებლობა. გაზში ოდორანტი იმიტომ ერევა, რომ სუნი იგრძნოს ადამიანმა და ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკოს", - ამბობს გიორგი ლეფსვერიძე.
სპეციალისტები სრულიად საპირისპიროს ამბობენ. ენერგოუსაფრთხოების დარგის ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი ამბობს, რომ საცხოვრებელ შენობებში ხანძრის გაჩენის დროს ადვილად აალებადი პოლიეთილენის მილები, რომელშიც გაზი გადის, მარტივად იწვება და აფეთქებას იწვევს. მილების შემაერთებელი გადამყვანების ხარისხი კიდევ ცალკე პრობლემაა, რადგან დაქსელვაზე პასუხისმგებელ კომპანიას ისეთი მასალის გადამყვანები აქვს შეძენილი, რომელიც მალე ზიანდება და გაჟონვის საფრთხეს შეიცავს.
„არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ პოლიეთილენის მილები არ გამოიყენება გაზმომარაგებისთვის. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ნათლად წერია: ეს მილები არ გამოიყენება გვირაბებში, საცხოვრებელ შენობებსა და იმ ადგილებში, სადაც ადამიანი იმყოფება", - აცხადებს ჭაღიაშვილი.
გაზგამანაწილებელი კომპანიები კი გამრიცხველიანების პროცესში იყენებენ პოლიეთილენის მილებს და ფიტინგებს, რაც დღეს მოქმედი ნორმატივებით, აკრძალულია. მეტიც, ეს მილები მწარმოებლის ანოტაციის მიხედვით, საერთოდ არ გამოიყენება გაზმომარაგებისათვის.
„პოლიეთილენის მილებითა და ფიტინგებით სადარბაზოებში გატანილი მრიცხველების გაყვანილობაზე დროთა განმავლობაში ტემპერატურის ცვლილება რეზინის შრობას და შედეგად გაზის ჟონვას იწვევს, რაც შესაძლებელია, უკვე დაწყებულიც კი იყოს. გლდანისა და თბილისის რამდენიმე სხვა რაიონისათვის, რომლებიც შეიქმნა საბჭოეთის ბოლო წლებში, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული გაზმომარაგება და იქ მოსახლეობა მხოლოდ ელექტროენერგიით სარგებლობდა, თუმცა 90-იანი წლების მიწურულს, როცა საქართველოში გაზმომარაგება აღდგა, იქაც მოახდინეს ქსელის გამართვა. მახინჯი ფორმით კორპუსები და ქუჩები დაქსელეს მიწისზედა ლითონის გაზგაყვანილობით. ამ პროექტების განხორციელების დროსაც დარღვეულია ინჟინრული და საპროექტო ნორმები. სწორედ ამიტომ თბილისის გარეუბნებში ხშირია აფეთქება, რადგან საფრთხის შემცველი გაზმომარაგებაა", - აცხადებს ჭაღიაშვილი.
ენერგოუსაფრთხოების სპეციალისტის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმების თანახმად, სადარბაზოებში, ასევე დამონტაჟებული უნდა იყოს ავტომატიზებული სისტემა, რომელიც გაჟონვის შემთხვევაში ავტომატურად გააგზავნის სიგნალს და შემთხვევის ადგილზე საავარიო ჯგუფის ოპერატიულად მისვლას უზრუნველყოფს. მისი აზრით, გაზმომარაგების სისტემაში არსებული განუკითხაობის მიზეზი ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შეზღუდული უფლებებია.
„ბუნებრივი აირის დაქსელვისას კანონია დარღვეული და უსაფრთხროების ნორმების დაცვის უგულებელყოფის გამო მოსახლეობის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. სახელმწიფოს კი არ აქვს ისეთი უფლებებით აღჭურვილი ზედამხედველობის სამსახური, რომელიც კერძო კომპანიებს უსაფრთხოების ნორმების დაცვას აიძულებს, რადგან სახელმწიფოსა და ამ კომპანიებს შორის კაბალური ხელშეკრულებებია გაფორმებული.
როდესაც სახელმწიფო მიუთითებს ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებაზე, კომპანიები ამას განიხილავენ როგორც სახელმწიფოს მხრიდან მათ შიდა საქმეებში ჩარევას. ავარიის შემთხვევაში კი ინფრასტრუქტურული ზარალის აღრიცხვა და ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფოს, უფრო კონკრეტულად კი თვითმმართველობებს უწევს", - აღნიშნავს იგი.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტორის ყოფილი მოადგილე სოსო სიმონიშვილი „ბიზნეს-რეზონანსთან" ამბობს, რომ გაზის მილებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები სათანადოდ დაცული არ არის და საფრთხე შეიძლება ნებისმიერ მომენტში წარმოიშვას.
„2009 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა და კომპეტენტურმა ექსპერტებმა ხელი მოაწერეს დასკვნებს, რომ პლასტმასის მილების გამოყენება დაეშვათ. არ მაქვს უფლება, კატეგორიულად განვაცხადო, რომ ისინი ცდებოდნენ, თუმცა შეიძლება თქმა, რომ პლასტმასის მილები, თუ მას პირდაპირ უყურებს მზე, მიუღებელია, რადგან შეიძლება მისი დეგრადირება მოხდეს. ამიტომ ფასადებზე მისი გაყვანა არ შეიძლება.
მართალია, შენობების ძირითად ნაწილში ფოლადის მილები გამოიყენება, თუმცა პლასტმასსაც იყენებენ, რაც შეეხება შენობის შიგნით, ძირითადად მეტალოპლასტმასის მილებია. ეს თუ კარგად არის დამაგრებული და ფიზიკურ დატვირთვას არ განიცდის ან არ ზიანდება, შედარებით დიდხანს იმუშავებს. ხშირ შემთხვევაში კი ეს ნორმები დაცული არ არის და ამიტომ საშიშია.
ეჭვს იწვევს გადაბმის საკითხიც. თუკი მილები ჩვეულებრივი რეზინით არის გადაბმული, იგი თავისთავად რაღაც დროის შემდეგ კარგავს თვისებებს, უჩნდება ბზარები და აპარებს გაზს. ამიტომ აქაც რაღაც სტანდარტი უნდა მოქმედებდეს. რეზინის გადაბმისთვის გამოყენების მომხრე არ ვარ. მსოფლიოში ეს პრაქტიკა არ ამართლებს, უსაფრთხოება ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ევროპის უმეტეს ქვეყნებში ფოლადისა და სპილენძის მილები გამოიყენება. პლასტმასი, თეორიულად, შეიძლება აფეთქების გამომწვევი გახდეს სახლის პირობებშიც კი, თუ ოდნავ დაზიანდა ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ თუკი ფოლადის მილია, აუცილებლად უსაფრთხოა, გადაბმის წერტილებია გასათვალისწინებელი, რაც უკვე ცალკე პრობლემაა. ყველა გადაბმის ადგილი პოტენციური გაჟონვის ადგილია, მუდმივად უნდა ყურადღების მიქცევა და კონტროლი. საჭიროა ახალი, თანამედროვე დამამჭიდროებელი საშუალებების გამოყენება", - ამბობს სიმონიშვილი.
სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ თითქმის ყველა ახალაშენებული კორპუსის სადარბაზოებში გაზი პოლიეთილენის მილებით არის გაყვანილი. აუცილებელია, მილები მხოლოდ ლითონისა იყოს, რათა გაზის გაჟონვა თავიდან იქნეს აცილებული. მსგავსი მილები მხოლოდ ცხელი წყლის გატარებისთვის გამოიყენება.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"