ოქრო გაძვირდა

როგორც „Admiral Markets“-ის ანალიტიკური ჯგუფი წერს, გასულ კვირას მნიშვნელოვანი იყო ოქროს ფასის მოძრაობის ტენდენციები და დიდი ბრიტანეთიდან გამოსული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები.

კერძოდ, ბოლო კვირის განმავლობაში ოქროზე ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ძვირფას ლითონზე ფასის ზრდა გამოიწვია პორტუგალიაში განვითარებულმა მოვლენებმა. ირლანდიის შემდეგ პორტუგალია მეორე ქვეყანაა, რომელმაც დაასრულა ევროკავშირისა და სავალუტო ფონდის ანტიკრიზისული პროგრამა. ახლა მთავრობა გეგმავს, დაიწყოს სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვები ბირჟებზე, თუმცა ქვეყანაში საბანკო სისტემებში კვლავ ხარვეზებია. პორტუგალიის ზოგიერთმა მსხვილმა ბანკმა შეწყვიტა მოკლევადიან ფასიან ქაღალდებზე გადახდა.

ამ ფაქტმა კი შესაბამისი რეაქცია გამოიწვია ინვესტორების მხრიდან. თავისი აქტივების დასაცავად მათ დაიწყეს ოქროში კაპიტალის გადატანა, რამაც ბირჟაზე გამოიწვია ოქროს ფასის მკვეთრი მატება და ამჟამად იგი მიუახლოვლა მარტის მაქსიმუმს, 1339 ნიშნულს.

დიდ ბრიტანეთში კვლავ დაფიქსირდა სავაჭრო ბალანსის დეფიციტი და ფულადი ფორმით შეადგინა 9,2 მილიარდი ფუნტი სტერლინგი. ეს მაჩვენებელი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დეფიციტია და მოხდა იმის ფონზე, რომ მწარმოებლებმა ევროპას მიაწოდეს ნაკლები საქონელი, ვიდრე გასულ თვეებში. შესაბამისად, ექსპორტის მატებამ ქვეყანაში შეადგინა მხოლოდ 0,6 პროცენტი, ხოლო იმპოტმა თითქმის სამჯერ გადააჭარბა ექსპორტს და მატებამ შეადგინა 1,7 პროცენტი.

ასევე მნიშვნელოვანი იყო ინგლისის ცენტრალური ბანკის შეკრება მომავალი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის თაობაზე. ახალს ამ სხდომიდან არავინ ელოდა და მართლაც ბანკმა უცვლელად დატოვა საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტზე. ჯერჯერობით ისინი ახლო მომავალში არ აპირებენ შეცვალონ იგი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყანას სავაჭრო ბალანსის დეფიციტი უკვე დიდი ხნის მანძილზე აქვს, ინგლისის ბანკისგან შეიძლება ველოდოთ ეკონომიკის სტიმულირებისათვის გარკვეულ ნაბიჯებს, როგორც ეს განახორციელა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა.

ამ კვირაში ველით შემდეგი მნიშვნელოვანი ახალი ამბების გამოქვეყნებას:

სამშაბათს იტალიასა და დიდ ბრიტანეთში გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსის მონაცემი და წინასწარი ინფორმაციებით, ნავარაუდევია მატება. გერმანიასა და ევროპაში - ბიზნეს კლიმატის თაობაზე მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს ევროს კურსზე. შეერთებულ შტატებში კი გამოქვეყნდება წარმოების აქტიურობისა და საცალო გაყიდვების შესახებ მონაცემი და წინასწარი ინფორმაციით, ნავარაუდევია მატება.

ოთხშაბათს ჩინეთში გახდება ცნობილი მთლიანი შიდა პროდუქტისა და წარმოების, ხოლო შეერთებულ შტატებში ბენზინისა და ნავთობის მარაგების თაობაზე მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც იმოქმედებს ნავთობის ფასზე.

ხუთშაბათს ევროპაში გახდება ცნობილი სამომხმარებლო ფასების ინდექსის მონაცემი, ხოლო შეერთებულ შტატებში უმუშევრობისა და მშენებლობის თაობაზე ინფორმაცია, რომლებიც იმოქმედებენ ევროსა და ამერიკული დოლარის კურსზე.

პარასკევს შეერთებულ შტატებში გამოვა მომხმარებლების განწყობის ინდექსი და წინასწარი ინფორმაციით, ნავარაუდევია მატება.

კვირა დატვირთულია ახალი ამბებით და ფორექსის ბირჟაზე ველით ძლიერ რყევებს.

მომზადებულია კომპანია „Admiral Markets“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ

www.admiralmarkets.ge