2019 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25% -ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 324 554 მგზავრს მოემსახურა, რაც 25%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 259 612 მგზავრი).

„იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252 178 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი - მგზავრი 222 400).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის იანვარში 112%-ით გაიზარდა და 55 895 მგზავრი შეადგინა (2018 წლის იანვარი - 26 345 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 15 973 მგზავრმა ისარგებლა, რაც 52%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის იანვარი - 10504 მგზავრი).

მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ აეროპორტებშიც. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2019 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 18 %-ით გაიზარდა და 401 მგზავრი შეადგინა. (2018 წლის იანვარი - 340 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 2 წლის გახდა, გასულ თვეს 107 ადამიანმა ისარგებლა და მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 % -ით გაიზარდა (2018 წლის იანვარი - 23 მგზავრი)“, - ნათქვამია „აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციაში.