„ტექნო ბუმის“ დამფუძნებლის, ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებულმა გაყიდვებმა კომპანიას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება აიძულა.
ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ ერთ-ერთ მიმწოდებელთან თანხის გადახდა დაუგვიანდათ, მან კი აღსრულებას მიმართა. ბიზნესმენის თქმით, „ტექნო ბუმმა“ თითქმის დაასრულა ამ კომპანიასთან მოლაპარაკება და მის მიმართ წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით მოხდება.
„საბანკო რეგულაციების ფონზე შეგვიმცირდა გაყიდვები. ამასთან, 2018 წლის ზაფხულში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ საწყობში. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად დაგვაზარალა. თუმცა უკვე ვთანხმდებით გრაფიკზე და შესაბამისად, კომპანია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და დაიწყება რეაბილიტაციის პროცესიც“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ანზორ ქოქოლაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტექნიკის მაღაზიათა ქსელის შპს „ტექნო ბუმის“ განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოს წარმოებაში მიიღეს. მეურვედ კი აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა. როგორც საქალაქო სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვარს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით შპს „ტექნო ბუმის’’ წარმომადგენელმა ლელა ნადიბაიძემ მომართა, რომელმაც მოითხოვა შპს „ტექნო ბუმის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.