გაერო: აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მსოფლიო ეკონომიკაზე

გაეროს სავაჭრო სააგენტო შიშობს, რომ ამერიკის მიერ ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს გლობალურ ეკონომიკაზე.

იმ შემთხვევაში, თუ აშშ და ჩინეთი 1-ელ მარტს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ ვაშინგტონი ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფებს დააწესებს.

„აშშ და ჩინეთი ჩაიკეტნენ დამაზიანებელ სავაჭრო უთანხმოებაში, რომლის შედეგად მხარეები ერთმანეთს მილიარდობით დოლარის პროდუქციაზე ტარიფებს უწესებენ.

გასული წლის დეკემბერში ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ახალი ტარიფების შემოღება გადაიდებოდა მომდევნო 90 დღით. მათი დედლაინის თანახმად 1-ელ მარტს უნდა შედგეს შეთანხმება, თუ არადა, აშშ აპირებს 200 მილიარდის მოცულობის ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფის 10%-იდან 25%-მდე გაზრდას“, - აცხადებენ გაეროში.

მათივე თქმით, ამ პოლიტიკას მსოფლიო ვაჭრობაში უზარმაზარი საფასური ექნება, თუ მისი ესკალაცია გაგრძელდა. გაეროში აცხადებენ, რომ აზიური ქვეყნები ამ პროტექციონიზმით სავარაუდოდ, სერიოზულად დაზარალდებიან.

მათი განცხადებით, გავლენა იქნება მასიური და ის განსაკუთრებით მძიმედ დააწვება მცირე ეკონომიკის ქვეყნებს. ზოგიერთ მათგანში კი მოსალოდნელია საგარეო შოკით გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი.

სხვადასხვა გათვლებით, სულ ცოტა 160 მილიარდით იზარალებს აზიის ქვეყნების ექსპორტი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდება, თუმცა მისი გავლენა ყველგან იქნება შესამჩნევი.

კოკა კვირკველია