"თბილისის აეროპორტში" არადეკლარირებული ნივთები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ "თბილისის აეროპორტში" ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სახის რამდენიმე კანონდარღვევა გამოვლინდა.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, აზერბაიჯანის მოქალაქემ, რომელიც რეისით დუბაი-თბილისი ჩამოფრინდა, 5 ცალი მობილური ტელეფონის - Samsunng Galaxy S5 - და 1200 ღერი ფილტრიანი სიგარეტი – Marlboro-ს შემოტანა სცადა დეკლარირების წესის გვერდის ავლით. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5498,15 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5498,15 ლარის ოდენობით.

ასევე არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივლისს დუბაი-თბილისის რეისით ჩამოსული აზერბაიჯანის მოქალაქის ბარგის დათვალიერების შედეგად. მგზავრს უკანონოდ შემოჰქონდა არადეკლარირებული IPHONE 5ს – 4 ცალი, NEXUS 5 – 1 ცალი, SAMSUNG GALAXY NOTE 3 – 2 ცალი, LG-G3 – 1 ცალი, LG- G FLEX – 3 ცალი. საქონლის საერთო ღირებულებამ 10824,77 ლარი შეადგინა. მგზავრს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10824,77 ლარის ოდენობით.

ამასთან, "თბილისის აეროპორტში" სტამბოლი - თბილისის რეისით ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე, რომლის ბარგშიც მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული მედიკამენტი KEMIRICA 300 მლ. (პრეგაბალინი) – 90 კაფსულა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.