ეკონომიკური დანაშაულის 53% ფულადსაკრედიტო სისტემაზე მოდის

საქართველოში ეკონომიკური დანაშაულის ნახევარზე მეტი ფულადსაკრედიტო სისტემაზე მოდის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყანაში სულ დაფიქსირდა ეკონომიკური დანაშაულის 1 255 შემთხვევა, აქედან 667 შემთხვევა, ანუ 53% ფულადსაკრედიტო სისტემაში მომხდარი დანაშაულია.

ამავე სტატისტიკით, 2018 წელს საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებაში ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის 329 დანაშაული დარეგისტრირდა, საიდანაც გაიხსნა 174 შემთხვევა.

ფულადსაკრედიტო სისტემაში რეგისტრირებული იქნა 667 დანაშაული, გაიხსნა მხოლოდ 142 ფაქტი, ანუ გახსნის მაჩვენებელმა 21,2% შეადგინა. 211-დან 101 შემთხვევა გაიხსნა საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულიდან. სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ 48 ფაქტი დაფიქსირდა, გაიხსნა - 21.

რაც შეეხება 2017 წლის მთლიან მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 1 167 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 581 შემთხვევა, დაახლოებით 50% ფულადსაკრედიტო სისტემაში იყო, საიდანაც მხოლოდ 152 შემთხვევა გაიხსნა. სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ სულ დარეგისტრირდა დანაშაულის 364 ფაქტი, საფინანსო საქმიანობის სფეროში - 187, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ 35 ფაქტი დაფიქსირდა.