„რეზონანსი" - ფქვილის კრიზისი: პური კიდევ ერთხელ ძვირდება

ხორბლის არასაკმარისი მარაგის გამო შესაძლოა, პური კიდევ გაძვირდეს.

პრობლემა, ძირითადად, რუსულ ხორბალზე ფასის ზრდას უკავშირდება, რომელიც უკვე თვეობით გრძელდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, იმის გამო, რომ საქართველო თითქმის 100%-ით რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, მარაგთან დაკავშირებით საფრთხე მუდმივად არსებობს.

მთავრობას მუდმივად აკრიტიკებენ რუსულ გაზზე შესაძლო დამოკიდებულების გამო და რატომღაც არავინ აცნობიერებს საფრთხეს, რა ელის საქართველოს პურ-პროდუქტების ბაზარს, თუკი მოულოდნელად რუსეთის ბაზარი ჩაიკეტება და ქვეყანა პურის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.

ფაქტია, რომ ნომერი პირველი პოდუქტის ყიდვა ოკუპანტი ქვეყნისგან ძალიან ძვირად გვიწევს, როცა ალტერნატიულ ბაზრებზე ხორბლის ღირებულებამ, ზაფხულიდან მოყოლებული, 20%-ით იკლო, მაგრამ ამ შეღავათით ქართველი მომხმარებელი ვერ სარგებლობს.

ამასობაში კი ქვეყანა სტრატეგიული მარაგების რისკის წინაშე დადგა, რაც, სავარაუდოდ, პურის გაძვირებას გამოიწვევს.

ამ ეტაპზე პორტში ხორბლის ფასი ტონაზე 250 დოლარია, 1-ლი ხარისხის 50-კილოგრამიანი 1 ტომარა ფქვილი კი, რითაც პური ცხვება, 49-50 ლარი ღირს. ეს, მეპურეების აზრით, წაგებაზე მუშაობის ტოლფასია და ისინი პურის კიდევ ერთხელ გაძვირებაზე საუბრობენ.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ლევან სილაგავას თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში ფქვილის ფასმა შეიძლება, მცირედით მოიმატოს, რადგან, ერთი მხრივ, საქართველოში ხორბლის არასაკმარისი მარაგია და, მეორე მხრივ, ხორბლის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსათვის რუსეთია, სადაც ხორბალის ფასი დღეს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

„2008 წლის მსოფლიო კრიზისის შემდეგ, გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ქვეყნებში მთლიანი მოხმარების ხორბლის ორი თვის მარაგი, ანუ დაახლოებით 12% იყოს, რათა ქვეყანამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. წლების განმავლობაში სწორედ ამ მარაგის საფუძველზე გადავიტანეთ რამდენიმე კრიზისი და ვახერხებდით, რომ ხორბლისა და ფქვილის ფასი მეტ-ნაკლებად შეგვენარჩუნებინა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 14-ჯერ გაიზარდა ხორბლის სამანქანო გზით შემოტანა, რამაც თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა გემით მრაცვლეულის შემოზიდვა. ამის გამო საქართველოში საჭირო მარაგი ვერ შეიქმნა. სწორედ ასეთმა ვითარებამ გამოიწვია შარშან დეკემბერში ჯერ ხორბლის ფასის მატება, შემდეგ კი ფქვილისა და პურის გაძვირებაც. მარაგი რომ ყოფილიყო, საშუალო შეწონილი ფასით მარტამდე გადავიდოდით და პურიც აღარ გაძვირდებოდა", - განუცხადა სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსს".

მოგვიანებით ლევან სილაგავამ „რეზონანსთან" დააკონკრეტა მიზეზი, რომელთა გამოც ქვეყანა რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას ვერ თმობს.

„ნებისმიერ დროს არის შესაძლებელიო ალტერნატიულ ბაზრებზე გადართვა, მაგრამ ამ მომენტში ჩვენთვის ყველაზე მისაღები ლოგისტიკური მხარეა. რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ქვეყანა უარს ვერ იტყვის. ცხადია, დივერსიფიცირებას ხელოვნურად ვერ მოვახდენთ. ჩვენთვის მისაღებია ის ბაზარი, საიდანაც უფრო ნაკლები დაჯდება იმპორტი და გეოგრაფიულადაც ხელსაყრელია, ლოგისტიკას ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვერ უარვყოფთ, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობაა ბაზარზე. რუსეთში ხორბლის ფასი, ფაქტობრივად, რეკრდულ ნიშნულზეა. ამას ემატება ისიც, რომ თურქეთი ხორბალს პანიკურად ყიდულობს, რადგან იცის, რომ ძვირდება, რაც კიდევ უფრო აძვირებს მარცვლეულს. ეს ყველაფერი აისახება საქართველოზეც, რადგან ქვეყანა, ძირითადად, რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული.

ტვირთის მანქანებით შემოტანამ განაპირობა ის, რომ მარაგი შემცირდა და ახლა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ კრიზისული სიტუაციისაგან ბაზარი დავიცვათ. შესაძლებელია, სხვა ქვეყნებში ხორბლის ფასი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ტრანსპორტირება იმდენად ძვირია, რომ პროდუქტს მაინც გააძვირებს.

ხორბლის იმპორტის პროცესში გემი და რკინიგზა ჩაიხსნა და მათ ნაცვლად მანქანები ჩაერთვნენ, რის გამოც ჩვენ საშუალო შეწონილი ფასი ვერ დავიჭირეთ და ფქვილის ფასმაც 250 ლარს მიაღწია. ამ ეტაპზე მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მექანიზმზე, რომ ქვეყანაში იყოს მარაგი და კრიზისმა როგორც ხორბალზე, ასევე ფქვილზეც საშუალო შეწონილი ფასით გადაიაროს", - განუცხადა „რეზონანსს" სილაგავამ.

მეპურეების აზრით, ფქვილის ფასის ზრდის ტენდენცია დამაფიქრებელია, თუმცა ბაზარზე გაძვირების საფრთხე ჯერჯერობით არ დგას.

კომპანია „იფქლის" წარმომადგენელი ბაკურ ბაკურაძე ამბობს, რომ პურის მორიგი გაძვირებისაგან კომპანიები თავს შეიკავებენ, თუმცა მარცვლეულის ბაზარზე არსებული სიტუაცია მათ საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფქვილის მარაგთან დაკავშირებით პრობლემაა, მაგრამ რეალურად რაზეა საუბარი, ვერ გეტყვით. კომპანიების საქმიანობაზე ეს პრობლემა ჯერჯერობით არ იგრძნობა, ჩვეულებრივ ვყიდულობთ ფქვილს, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში 1 ლარით გაძვირდა. ცხადია, ეს არ არის ისეთი სხვაობა, რომ პურზე აისახოს.

დღევანდელი მოცემულობით, ფასის კორექტირებას არ ვგეგმავთ, მაგრამ არც ის ვიცი, რა შეიძლება სამომავლოდ შეიცვალოს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ფქვილის ფასი არ არის იმ ნიშნულზე, რომ პურის გაძვირებაზე დავიწყოთ მსჯელობა, თუმცა ფაქტია, რომ ნედლეულის მაღალი ფასი ბაზარზე პრობლემას შექმნის და წარმოებაზე უარყოფითად იმოქმედებს", - ამბობს „რეზონანსთან" ბაკურაძე.

პურის მრეწველთა კავშირში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ გადადგამს ნაბიჯს ბაზრის დასაცავად და შესაბამის ზომებს მიიღებს, რომ ისედაც ძვირი პურის ფასმა კვლავ არ მოიმატოს. მალხაზ დოლიძეს მთავრობის მხარდაჭერის იმედი აქვს, რომ მოსახლეობა დაიცვას.

„პრობლემა ისაა, რომ ხორბალი რუსეთში გაძვირდა, რაც შარშანდელი დაბალი მოსავლით იყო გამოწვეული. ქართველებს საიდანაც ხორბალი შემოაქვთ, ის მხარეა, სადაც პროდუქტს კერძო მეურნეობები ყიდიან. შედარებით სხვა ფასი აქვთ და ხარისხიც შესაბამისია. ნეგატიური განცხადებები კეთდება ფქვილის მარაგთან დაკავშირებით და ეს მდგომარეობა ყველას გვაწუხებს. დანამდვილებით იმის თქმა, რომ პური კიდევ გაძვირდება, ძნელია.

ბოლო 10-თეთრიანმა ცვლილებამ მტკივნეულად იმოქმედა მოსახლეობაზე. მთავრობა ამას კარგად ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ კომერციული გაზი გაძვირდა, პურის წარმოებას შეღავათი დაუწესეს. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პურის გაძვირება ავიცილოთ.

ვიმედოვნებ, პურის ფასს როგორმე შეინარჩუნებენ, მაგრამ ფქვილის გაძვირების ფონზე ეს ადვილი არ არის. ბაზარს სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება, ეს არის სოციალური პროექტი და თითო თეთრით ცვლილებაც კი მოსახლეობაზე უარყოფითად მოქმედებს", - ამბობს „რეზონანსთან" დოლიძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"