”მესტიაში რეგულარული ავიარეისები ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენას ხელს შეუწყობს”

მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები ხელს შეუწყობს ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენას.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატახტარის აეროდრომზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სადაც თბილისი-მესტია-თბილისის ავიარეისის ამოქმედების შესახებ ოფიციალურად გამოცხადდა.

მისივე თქმით, ფრენების განახლება საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას სწრაფად და კომფორტულად, სულ რაღაც 45 წუთში მოხვდნენ თბილისში.

"ავიარეისების აღდგენის საკითხებზე მუშაობისას ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა ალტერნატივა, ჩავატარეთ კონსულტაციები და შედეგად გამოცხადდა საჯარო ტენდერი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ღია და გამჭვირვალე საჯარო ტენდერის პროცესში გაიმარჯვა სწორედ ქართულმა ავიაკომპანიამ, რაც ქართული ავიაციის განვითარებაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია", - აღნიშნა მინისტრმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ტურიზმის ხელშეწყობის და რეგიონული განვითარების ჭრილში მნიშვნელოვანია საქართველოში მცირე ავიაციის განვითარება. როგორც მან აღნიშნა, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ქართული ავიაკომპანიების გაძლიერება და რეგიონული მცირე აეროპორტებისა და აეროდრომების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია.

ფრენა მესტიის მიმართულებით 18 ივლისს შესრულდება. რეისები კვირაში სამჯერ იქნება: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. ბილეთის ღირებულება 65 ლარი ( ერთი მიმართულებით) იქნება. ფრენებს ქართული ავიაკომპანია "სერვისეირი" შეასრულებს.

Videobpn

მესტიის აეროპორტი