ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, ბევრი ფაქტი იყო, როდესაც მომაკვდინებელი დანადგარების ჩახსნის შემდეგ ისინი თვითნებურად კვლავ დამონტაჟდა.
მისი თქმით, გაზის გაჟონვის შედეგად უბედური შემთხვევები ძირითადად შიდა ქსელების გამო ხდება.
"დიდ დიღომში აფეთქების მეორე დღიდანვე ვამბობდი, რომ თუ დავაკვირდებით, ყველა უბედურება ხდება შიდა ქსელიდან, დახურულ სირცეში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარე ქსელზეც არსებობდეს პრობლემები. ნახევარი საუკუნის წინ აშენებულ შენობებზე შეიძლება უკეთესი მდგომარეობაა, თანამედროვე შენობებში კი, როდესაც ვიბარებთ კორპუსს, შავ თუ მწვანე კარკასს, სადაც გაყვანილია შიდა ქსელი და შეიძლება მოწყობილი იყოს ცენტრალური გათბობა, არაფერი გვიშლის ხელს, რომ სპეციალისტი მოვიყვანოთ, რომელიც იმუშავებს შიდა ქსელის მოწყობაზე. დღეს არ არსებობს რეგულაცია, რომ მაინცდამაინც სპეციალისტმა უნდა იმუშავოს ამაზე, არამედ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომლის მხრიდანაც შეცდომა არ არის გამორიცხული. ამის შემდეგ გაზის შიდა ქსელი გარე ქსელზე უნდა დავაერთოთ, მთელი წნევით შემოვა გაზი შიგნით, ხოლო თუ იქ რამე შეცდომაა, შეიძლება უბედურება მოხდეს. ჩვენმა სამსახურმა გადავწყვიტა, აქტიურად ვიმუშავოთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მალე და როგორ გამკაცრდება ამა თუ იმ მხრივ კანონები. მანამდე საჭიროა მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება. პირველ რიგში, უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ამ რეგულაციების არსებობამდე რა ვქნათ, როგორ გადავირჩინოთ საკუთარი თავი და სხვები", - აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა.
სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. ენერგოომბუდსმენმა გამოყო ის მთავარი თემები, რაც პარლამენტში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრების დროს განიხილება და ასევე, ხაზი გაუსვა რამდენიმე რეკომენდაციას მოქალაქეებისთვის. ენერგოომბუდსმენის განცხადებით, პარლამენტში ამასთან დაკავშირებით ორი შეხვედრა იყო.
„უწყებებს შორის კოორდინაციას აპირებენ, საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებს. ორი დღის წინ გაფართოებული შეხვედრა იყო, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას მიერ წარმოდგენილ გეგმაში გათვალისწინებული პირველ ნომრად იყო შიდა ქსელის მოწყობის რეგულაციების შემოღება, რაც ჩემი რეკომენდაციაა და რის შესახებაც ყველა ჩემი ბოლო სამი წლის ანგარიშში მიწერია. მეორე თემა გახლდათ სამშენებლო პროექტირების დაკავშირება ენერგოპროექტირებასთან. მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი მონიტორინგია - ვინ შეამოწმებს ჩვენი საცხოვრებელი ფართების შიდა ქსელებს, ე.ი. აქ საუბარი მონიტორინგის ორგანოს ჩამოყალიბებაზეა. ეს შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, აკრედიტებული ორგანიზაცია ან შემოვიდეს სახელმწიფო დონეზე ინსპექციის მაგვარი. შეხვედრაზე ჯერ მხოლოდ იდეები ითქვა და ეს არ არსებობს კანონპროექტის სახით. უმნიშვნელოვანესია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც. როდესაც მოქალაქე საშიში დანადგარის მოხსნისას ეკითხება გაზის კომპანიის თანამშრომელს, რა მოხდება ისევ რომ დაამონტაჟოს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის პასუხისმგებლობა არ არის და ვერც კომპანიების მხრიდან იქნება, თუ კანონი არ დაარეგულირებს. ამ დროს ზოგიერთ ადამიანს აქვს განცდა, რომ არც დაისჯება. ბევრჯერ დავინახეთ, რომ მომაკვდინებელი დანადგარები ჩახსნის შემდეგ თვითნებურად დამონტაჟდა და ამან გამოიწვია უბედური შემთხვევები. ამაზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა, როდესაც ლიცენზირებული კომპანია რეკომენდაციას იძლევა, სავალდებულო უნდა იყოს, რომ დაემორჩილო. როგორც ჩანს, საფრთხეს სხვანაირად ვერ ავიცილებთ. ამ კუთხითაც მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში. მანამდე კი ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გაზი საშიშია, მასთან კომპრომისი დაუშვებელია, რადგან გაზი თვითონ არ გიკეთებს კომპრომისებს. CO-ს ვერ ვგრძნობთ, მისი გაჟონვა აფეთქებას იწვევს. ამჟამად კი ერთი რჩევაა, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია, რომ დანადგარის ჩახსნის შემდეგ არ მოხდეს თვითნებურად ხელახლა დამონტაჟება. მეორე რჩევაა დეტექტორების შეძენა, რაც გაჟონვის შესახებ გვატყობინებს და მიგვითითებს, ფანჯარა მაინც გავაღოთ. კიდევ ბოლომდე არ დავკეტოთ ფანჯრები, მეტალო-პლასტმასის ფანჯრები საერთოდ არ ატარებს ჰაერს. ასევე, წელიწადში ერთხელ შევამოწმებინოთ დანადგარი ვინმეს", - განაცხადა ვარდიაშვილმა.