მხუთავი აირით ადამიანების დაღუპვის შემთხვევების 80% გაქირავებულ ბინებზე მოდის

„მხუთავი აირით ადამიანების დაღუპვის შემთხვევების 80% გაქირავებულ ბინებში ხდება“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, გაზის დანადგარების მონიტორინგი დაკისრებული აქვს მხოლოდ „ყაზტრანსგაზ თბილისს“, რაც არასწორია და აუცილებელია, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა თავად აბონენტებზეც გადავიდეს, რათა მსგავსი უბედური შემთხვევების თავიდან აცილება მოხდეს. ამასთან, ირინა მილორავამ აღნიშნა, რომ სანქციები განსაკუთრებით გაქირავებული ბინების შემთხვევაში უნდა გამკაცრდეს.

„ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია მონიტრინგი, რაზეც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. 1 წელზე უფრო ნაკლები ინტენსივობით ბინების შემოწმება არცერთ ქვეყანაში არ მინახავს. თუმცა, მე თვითონ არ მომწონს ის ფაქტი, რომ ჩვენი ბინების შემოწმების ვალდებულება მხოლოდ „ყაზტრანსგაზსს“აქვს. ვფიქრობ, გარკვეული პასუხისმგებლობა მომხმარებელზეც უნდა გადავიდეს, რადგან „ყაზტრანსგაზი“ ხშირად ვერ ახერხებს ბინებში შესვლას, იმის გამო, რომ დაკეტილია, იმ მომენტში არავინ ხვდება და ა.შ. თუ ამ ვალდებულებას გადავიტანთ მომხმარებლის მხარესაც, რომ ის იყოს ვალდებული, იქონიოს შესაბამისი სერტიფიკატი, მოიწვიოს „ყასტრანსგაზის“, თუ სხვა აკრეტიდეტებული ორგანოს წარმომადგენელი და შეამოწმებინოს, უსაფრთხოებას ეს უფრო უფრო უზრუნველყოფს. სტატისტიკის მიხედვითაც, ფატალური შემთხვევების 80% სწორედ გაქირავებულ ბინებში ხდება. ეს ალბათ, ადამიანური მომენტია, როდესაც სადაც თვითონ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს, უფრო ფრთიხლად იქცევა, მაგრამ გაქირავებულ ბინაში ასეთ სიფხიზლეს კარგავს და ბოლო პერიოდში, სადაც მხუთავი აირით ადამიანების დაღუპვა ხდებოდა, იყო გაქირავებული ბინები. ამიტომ, მე ვფიქრობ, განსაკუთრებით სწორედ გაქირავებულ ბინებთან უნდა გამკაცრდეს მიდგომები“,-განაცხადა ირინა მილორავამ.

ნინი ქეთელაური