თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე 1000 ბავშვს დააფინანსებს

თბილისის მერია აუტისტური სპექტრის მქონე 1000 ბავშვს დააფინანსებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება 445 ათასი ლარით იზრდება და პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

„დედაქალაქის მთავრობა ამ მიმართულებით წლებია მუშაობს და დღეის მდგომარეობით 850 ბავშვს ვაფინანსებთ, რომლებიც გადანაწილებულია სხვადასხვა დაწესებულებაში. 7 დაწესებულებაა, რომელიც ამ ბავშვებს მომსახურებას უწევს, თუმცა, როდესაც საკრებულოში ვიყავი მისული, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაისვა შეკითხვა, თუ იყო შესაძლებელი, რომ გავზარდოთ ბავშვთა რაოდენობა, ვისაც დედაქალაქის მერია მოემსახურება. მე როგორც ვიცი, 130-ზე მეტი ბავშვი იყო მოლოდინის რეჟიმში და ჩვენ ერთობლივად, ამ ოპოზოციური პარტიის წარმომადგენლებთან დავჯექით, ჩემი მოადგილე სოფიო ხუნწარია იყო თავად ჩართული და მივიღეთ გადაწყვეტილება 1000 ბავშვამდე გავზარდოთ რაოდენობა და სრულად დავაკმაყოფილოთ ის ოჯახები, ბავშვები, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში იყო. ჩვენ ვხარჯავდით 3 700 000 ლარს, ამ გადაწყვეტილებით, დაახლოებით 445 ათასი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ ამ ოჯახებს და ბავშვებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. ოპოზიციურ პარტიას თანამშრომლობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო", - განაცხადა კალაძემ.