„წლის განმავლობაში საშუალოდ 40 ათასი ადამიანი კარგავს სამუშაოს“

„წლის განმავლობაში საშუალოდ 40 ათასი ადამიანი კარგავს სამუშაოს, მთელი საქართველოს მასშტაბით“,- ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ქვეყანაში უმუშევრობის კომპენსაციის დაწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ვალდებულია 2021 წლამდე უმუშევრობის კომპენსაცია დააწესოს. ამ ვალდებულებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გულისხმობს.

შეგახსენებთ, წინა თვეში დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა, რომ უმუშევრობის კომპენსაციის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. კაკულია აღნიშნულ საკითხზე, ფინანსთა სამინისტროსთანაც გეგმავდა მუშაობას. თუმცა, უმუშევრობის კომპენსაციის თემაზე რამდენიმე დღეში ფინანსთა მინისტრმაც გააკეთა განცხადება. ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ამ ეტაპზე უმუშევრობის კომპენსაციის საჭიროებას არ ხედავს.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2% შეადგინა.

თაია არდოტელი