ნატახტარის აეროდრომიდან რეისები საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით იგეგმება

ნატახტარის აეროდრომიდან რეისების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით იგეგმება.

უახლოეს მომავალაში ფრენები, სავარაუდოდ, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით დაინიშნება.

როგორც ნატახტარის აეროდრომზე რეისის "თბილისი-მესტია-თბილისის" ამოქმედების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში მცირე აეროპორტების ქსელის განვითარება იგეგმება.

"ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ საქართველოში მცირე აეროპორტების ქსელი განვავითაროთ და გავუკეთოთ აღდგენა ბევრ ტურისტულ მიმართულებას, რომელიც ტრადიციულად არსებობდა საქართველოში. ეს თვითმფრინავი გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სვანეთის, არამედ სხვა მიმართულებითაც", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ მთიანი რეგიონების მიმართულებით ფრენები აღდგება.

"ეს იქნება პირველი მერცხალი და ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის, მთიანი რეგიონების მიმართულებით ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ფრენებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ნატახტარის აეროდრომის გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ქართული ავიაკომპანია "სერვის ეირის" დამფუძნებელმა ამირან მანჯავიძემ. მისი თქმით, ნატახტარს საქართველოში უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს შიდა რეისებისთვის. მანჯავიძის ინფორმაციით, ფრენები სხვა მიმართულებითაც იგეგმება.

რაც შეეხება მესტიის მიმართულებით რეისებს, პირველი რეისი 18 ივლისს, პარასკევს შესრულდება. რეისები კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს განხორციელდება. გაფრენა 11:00 საათზე იქნება, გამოფრენა კი - 14:00 საათზე. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 65 ლარით განისაზღვრა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ აღნიშნა, მოთხოვნის გათვალისწინებით რეისების დამატება მოხდება.