ეკონომია მომხმარებლის ჯანმრთელობის ხარჯზე

როგორც ჩანს, ასეთი მაღაზიის მეპატრონეები საკუთარ ბიზნესში ეკონომიას მომხმარებლების ჯანმრთელობის ხარჯზე აკეთებენ.

ზაფხულის სიცხეებთან ერთად საკვების უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. ვითარებას ართულებს მაღაზიებში შენახვის პირობების არასათანადო დაცვა. უკვე არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ მარკეტში ღამით მაცივრებს თიშავენ და დილით პროდუქცია გამლღვალი ან დარბილებულია. როგორც ჩანს, ასეთი მაღაზიის მეპატრონეები საკუთარ ბიზნესში ეკონომიას მომხმარებლების ჯანმრთელობის ხარჯზე აკეთებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია ბიზნესოპერატორმა დაიცვას ყველა სახის პროდუქციის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქციის შენახვის ვადა აღარ მოქმედებს და ასეთი პროდუქტის საკვებად გამოყენება სახიფათოა. ჰიგიენური ნორმების და ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, როგორც მაღაზიაში, ასევე სადისტრიბუციო მანქანებით პროდუქციის ტრანსპორტირებისას აუცილებელია.

პროგრამა "მომხამრებელი.ჯის" ხელმძღვანელი ლია თოდუა ამბობს, რომ პროდუქციის შენახვის პირობების დარღვევის გამო მათ მოქალქეები ხშირად მიმართავენ. ლია თოდუა მომხმარებელს ურჩევს არ შეიძინონ პროდუქცია ისეთ მაღაზიაში, სადაც ეჭვობენ რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მაცივრებს გარკვეული დროით თიშავენ.

"მომხმარებლები ძალიან ხშირად ამბობენ, რომ მაცივრები არის გამორთული. დილაობით დახლ-მაცივრიდან პროდუქტის ამოღებისას მეც შემინიშნავს, რომ  არ არის დაცული შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ პროდუქტზე მითითებული შენახვის ვადა აღარ მოქმედებს. როგორც კი ტემპერატურული რეჟიმი ირღვევა, პროდუქტი იწყებს გაფუჭებას და რამდენიმე დღეში ფუჭდება, შეიძლება პირველივე ღამესაც გაფუჭდეს. თუ მაღაზიაში მაცივარი პერიოდულად გამორთულია ან არ იცავენ ტემპერატურულ რეჟიმს, ეს ნიშნავს, რომ იქ პროდუქტის შესყიდვა  უსაფრთხო არ არის  იმ ვადამდეც კი, რომელიც მას აწერია. ჩვენ ვეუბნებით მომხმარებელს, რომ მოერიდონ ასეთ მაღაზიებში საკვების შეძენას", -ამბობს ლია თოდუა.

ლია თოდუას თქმით, აუცილებელია  სავალდებულო გახდეს თერმომეტრების დამონატაჟება მაღაზიებში არსებულ მაცივრებში. "ადრე მოქმედებდა  ასეთი ნორმა, რომ სავალდებულო იყო თერმომეტრის  დამონტაჟება მაცივარში. მაგალითად, პროდუქტს თუ აწერია, რომ უნდა შევინახოთ  -18 გრადუსზე, -15-ზე  ზემოთ არ უნდა ავიდეს მისი შენახვის ტემპერატურა. მნიშვნელოვანია, რომ სავალდებულო იყოს თერმომეტრის დამონტაჟება მაცივრებში, რომ მომხმარებელი ხედავდეს რა ტემპერატურაზეა შენახული პროდუქცია. მაღაზიაშიც არ უნდა იყოს სიცხე. ამ მხრივ სადღეღამისო მაღაზიები უფრო სანდოა, რადგან ისინი ღამითაც არ თიშავენ მაცივრებს,”-აცხადებს თოდუა.

შენახვის პირობების დარღვევისა და მაცივრების გამორთვის პრობლემის არსებობას ადასტურებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც. როგორც სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა სოხაძე ამბობს, სააგენტო მაღაზიების ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებს და ასეთი დარღვევები ძირითადად მცირე მარკეტებშია.

"ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია. ამ კუთხით კონკრეტულ ზომებს ვატარებთ. ჩვენ ყოველდღიურ კონტროლს ვახორციელებთ. ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია. ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით მაღაზიებს ღამის საათებში  მაცივრები გამორთული აქვთ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. სურსათი, რომლის შენახვასაც განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმის დაცვა სჭირდება, მათ შორის გაყინული სურსათი, გალღვობისა და ხელმეორედ გაყინვა-გაციების შემდეგ შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული, რა ვადები და შენახვის პირობები უნდა იყოს დაცული პროდუქტის შენახვისას, რათა სურსათი შესაბამისი სახით, უვნებლად უნდა მიეწოდებოდეს მომხმარებელს. ეტიკიეტზე მითითებული პირობები აუცილებლად უნდა იყოს დაცული",-ამბობს სოხაძე.

რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, კახა სოხაძის თქმით, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის აღმოჩენის პირველ შემთხვევაში ბიზნესოპერატორს სააგენტო რეკომენდაციებს აძლევს, განმეორებით შემთხვევაში კი მოქმედებს გარკვეული საჯარიმო სანქციები. "თუ სურსათის მავნეობა არ დასტურდება, მაგრამ ტემპერატურული რეჟიმები ირღვევა, ასეთ შემთხვევაში რეკომენდაცია ეძლევა ბიზნესოპერატორს, თუ გადამოწმების შემდეგ ასეთი დარღვევა დაფიქსირდა, ბიზნესოპერატორი ჯარიმდება 400 ლარით პირველ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში კი 1200 ლარით. თუ სურსათის მავნე თვისებები დადასტურდა, მაშინ ასეთი სურსათი ექვემდებარება რეალიზაციიდან ამოღებას და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით ჯარიმდება. ასეთი დარღვევები ძირითადად არის მცირე მარკეტებში, ქსელური სუპერმარკეტები აღჭურვილი არიან კარგი დანადგარებით და ისინი შესაბამის კონტროლს უფრო მაღალ დონეზე ახორციელებენ".-ამბობს სოხაძე.

მსხვილი სუპერმარკეტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი შენახვის პირობებს ზედმიწევნით იცავენ, როგორც პროდუქციის ტრანსპორტირების, ასევე რეალიზაციის დროს.

მაგალითად, "ნიკორას" სუპერმარკეტებში , საწყობში და დახლებზე პროდუქციის შენახვის პირობებს, ტემპერატურულ რეჟიმს და ვადებს ყოველდღიურად აკონტროლებს პერსონალი, კომპანიის ხარისხის მართვის სამსახური კი რეგულარულ შემოწმებას ახორციელებს.

”ზოგიერთი პროდუქტის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი კრძალავს მის მოთავსებას, როგორც საყინულეში, ასევე მაცივარში. მსგავსი პროდუქტებისთვის "ნიკორას" სუპერმარკეტებში სპეციალური პირობებია შექმნილი - კერძოდ, თითეულ სავაჭრო ობიექტში ტემპერატურა მერყეობს 20-დან 23 გრადუსამდე, რაც ისეთი ტიპის პროდუქტებს, როგორებიცაა: ზეთი, კონსერვები, შოკოლადი, ბურღულეული - შესაბამის შენახვის პირობებს უქმნის. დახლმაცივარში უნდა მოთავსდეს ისეთი პროდუქტი, რომელსაც ინდივიდუალური შეფუთვა არ გააჩნია. მაგალითად, ხორცპროდუქტები, სალათები და სხვა. ასეთ შემთხვევაში, პროდუქტი დახურულ სივრცეშია განთავსებული, მას მომხმარებელი ხელით ვერ ეხება და დაცულია დაბინძურებისაგან. რაც შეეხება ე.წ. კედლის მაცივრებს, აქ თავსდება ინდივიდუალურად შეფუთული პროდუქცია - რძის პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, წვენები და ა.შ." - ამბობს "ნიკორას" ხარისხის მართვის მენეჯერი ნინო ლეფსაია.

რაც შეეხება ტრანსპორტირებისას შესაბამისი პირობების დაცვას, ნინო ლეფსაია ამბობს, რომ "ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი ბრენდების წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირება  სპეციალური მაცივრიანი სადისტრიბუციო მანქანებით ხდება, რომლებშიც მაქსიმალურადაა დაცული კონკრეტული პროდუქტის უსაფრთხოდ გადატანისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობის პირობები.

"სადისტრიბუციო მანქანებში მკაცრად კონტროლდება ჰიგიენის ნორმები - ყოველდღიური დასუფთავების პარალელურად, ტრანსპორტს წესისამებრ, კვირაში ერთხელ უტარდება სპეციალური დეზინფექცია. ზემოთ აღნიშნული წესები ეხება ყველა სახის პროდუქტის ტრანსპორტირებას. ნახევარფაბრიკატების, ნაყინისა და გაყინული თევზეულის ტრანსპორტირება სპეციალური საყინულე მანქანებით ხდება. რაც შეეხება ცოცხალ პროდუქტს - ცოცხალი თევზის ტრანსპორტირებას, "ნიკორას" შვილობილი ბრენდი "ოკეანე" ავზიანი მანქანებით ახდენს. ავზში დაცულია თევზის უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და ჟანგბადის დონე. ავზს ამ შემთხვევაშიც რეგულარულად უტარდება დეზინფექცია/დასუფთავების სამუშაოები",- ამბობს ლეფსაია.

BPN-ი ამ თემასთან დაკავშირებით  მცირე, ე.წ. უბნის მაღაზიების წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს.

ნათია ლეშკაშელი