მერია გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ტერიტორიაზე დაგეგმილია საავტომობილო გვირაბის, გვირაბის ზემოთ კი, მწვანე სივრცის მოწყობა, რომელიც მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. საუბარია, დაახლოებით, 10 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანება- მოწესრიგებაზე. გარდა ამისა, მერია საფეხმავლო ხიდის მშენებლობასაც გეგმავს, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა. ცნობისთვის, ამ პროექტზე მიმდინარე წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ გორგასლის ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის კვლევითი-საპროექტო (პროექტირების 1 ეტაპი) დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 106 900 ლარია.
ტენდერში გამარჯვებულ პირს მოუწევს ტერიტორიის შესწავლა, ანგარიშის, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება.
„საპროექტო დავალება გულისხმობს: სანაპირო ზოლის, გზის სავალი ნაწილის ორივე მიმართულებაზე, ჯამური სიგრძით არანაკლებ 140 მეტრისა, ტექნიკური ანგარიშის, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას; საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ხეების, ბუჩქებისა და სხვა მნიშვნელოვანი ნარგავების აღწერას, ფოტოფიქსაციას, სიმაღლის, დიამეტრის, ასაკის და სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობის განსაზღვრას, ასევე ხმობის პროცესში მყოფი ნარგავების იდენტიფიცირებას; საარქივო მასალების მოპოვებასა და ანალიზს, მოქმედი საინჟინრო კომუნიკაციების (მიწისქვეშა და მიწისზედა) მესაკუთრეებისგან ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზს; სანაპირო ზოლის, გზის სავალი ნაწილის ორივე მიმართულებაზე არსებული გრძივი და განივი პროფილის მომზადებას (არსებული საკომუნიკაციო და გეოლოგიური მონაცემების დატანით); სანაპირო ზოლის, გზის სავალი ნაწილის ორივე მიმართულებაზე გეორადარულ (გრძივი და განივი სკანირება) კვლევას; ასევე ტერიტორიის შესაბამისი გრაფიკული მასალის მომზადებას,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.