ჯეფ ბეზოსი გამოცემა The National Enquirer-ს შანტაჟში ადანაშაულებს

Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი ტაბლოიდურ გამოცემა The National Enquirer-ს შანტაჟში ადანაშაულებს. ბეზოსის თქმით, გამოცემა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით იმუქრება.

Amazon-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მან შანტაჟის შეტყობინება გამოცემის მფლობელი კომპანია American Media Inc-ისგან მიიღო. ბეზოსი აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მას მოსთხოვა, რომ ტაბლოიდის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტოს და განაცხადოს, რომ გამოცემის მიერ მის შესახებ გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო.

შეგახსენებთ, ბეზოსი 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გასულ თვეს თავის მეუღლეს დაშორდა. სწორედ ამის შემდეგ გამოცემა National Enquirer-მა ბეზოსის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ბეზოსი და ყოფილი ტელეწამყვანი ლორენ სანჩესი ერთმანეთს ხვდებოდნენ. საუბარი იყო მათ შორის სასიყვარულო შინაარსის მიმოწერის გავრცელებაზეც.

ბეზოსმა საქმე აღძრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა გამოცემის ხელში მისი პირადი მიმოწერები. ამაზონის ხელმძღვანელის თქმით, ტაბლოიდი ახლა შანტაჟის საშუალებით ცდილობს, ბეზოსმა გამოძიება მის წინააღმდეგ შეწყვიტოს.