კომპანიები Facebook-ი და Google პროექტ Havfrue-ს (წყალთევზა) განხორციელებას შეუდგნენ, რომელიც ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე განთავსებას ითვალისწინებს. ამ კაბელმა ამერიკა (ნიუ-ჯერსი) დანიასთან უნდა დააკავშიროს. ორი განტოტება ასევე გაიჭიმება ირლანდიამდე და ნორვეგიამდე - წერს გამოცემა The Irish Times-ი.
ამ მეგაპროექტის ირლანდიურმა მონაწილე კომპანიამ Aquacomms-მა სამთავრობო ლიცენზია მოითხოვა, რომელიც ამგვარი სამუშაოების განხორციელებისთვის არის საჭირო და კომპანიამ ეს ლიცენზია უკვე მიიღო. გამოცემა წერს, რომ პროექტის ირლანდიური ნაწილის ღირებულება შეადგენს 7,5 მილიონ ევროს, ხოლო მთლიანად პროექტის ღირებულება ჯერ არ ხმაურდება.
ირლანდიის მხრიდან სამუშაოები მარტიდან დაიწყება და სექტემბერში დასრულდება. ატლანტიკის ოკეანეში ახალი საკაბელო სისტემის ამოქმედება უკვე მომავალი წლიდან იქნება შესაძლებელი.
ამ დროისათვის წყალქვეშა საკაბელო სისტემები მსოფლიოს ყველა კონტინენტს აერთიანებს ერთმანეთთან, გარდა ანტარქტიდისა. ყველაზე მძლავრი გამტარუნარიანობის პროექტად მიჩნეულია Apollo. ეს ხაზი ყველა მიმართულებით საშუალებას იძლევა, რომ წამში 3,2 ტერაბიტი ინფორმაცია გაავრცელოს.