სოციალური მედიის გიგანტმა „ინსტაგრამმა“ ქსელის მომხმარებლებისთვის ახალი რეგულაცია დააწესა. პლატფორმა დაბლოკავს ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, სადაც თვითდაზიანება იქნება ნაჩვენები, რათა დაიცვას ქსელის „ყველაზე მოწყვლადი მომხმარებლები“.
ცნობისათვის, ამ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრიტანელი გოგონას, მოლი რასელის მამამ განაცხადა, რომ 2017 წელს მისი შვილის თვითმკვლელობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ საიტმა შეიტანა. როგორც გარდაცვლილის მამამ თქვა, მათ გამოიკვლიეს 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი და აღმოაჩინეს, რომ ფოტოების გაზიარების ყველაზე პოპულარულ პლატფორმაზე, პირად გვერდზე გოგონას თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ფოტოები ჰქონდა განთავსებული.
„ჩვენ არ დავუშვებთ ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, სადაც თვითდაზიანებისკენაა მოწოდება და შევზღუდავთ მის გავრცელებას „ინსტაგრამზე“, - განაცხადა „ინსტაგრამის“ ხელმძღვანელმა ადამ მოსერიმ.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად სხვა მიზეზით დაუშვა „ინსტაგრამმა“ მსგავსი გრაფიკული გამოსახულებების გამოქვეყნების უფლება. ქსელის ხელმძღვანელთა აზრით, თუ ის ადამიანები, ვინც თვითდაზიანებას იყენებდნენ, ინტერნეტში გაავრცელებდნენ ფოტოებს, ადვილად იპოვნიდნენ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფოტოებმა ზოგიეთ ადამიანს თვითმკვლელობისკენ უბიძგა.
კომპანიამ შემდეგ განაცხადა, რომ „აუცილებელია გადაიხედოს ყველა ის ეფექტი, რომელსაც მსგავსი ფოტოები პლატფორმის მომხმარებლებზე ახდენს“. მოსერის განცხადებით, ისინი ეძებენ გზას, როგორ შეიძლება დაეხმაროთ ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც მსგავსი ტიპის ფოტოებს აქვეყნებენ. მათი თქმით, „ინსტაგრამი“ არ გააუქმებს ჰეშთეგებს, რათა სოციალური ქსელის მომხმარებლები, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აწუხებთ, უფრო არ შეზღუდონ.
„იმსტაგრამისა“ და „ფეისბუქის“ მსგავსი დამოკიდებულების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ კომპანიები პლატფორმიდან არ წაშლიან თვითდაზიანებისკენ მოწოდების ფოტოებს, ის აუცილებლად მიმართავს სასამართლოს.
ეკა გადახაბაძე