ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თემაზე პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის შედგა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული მოსაზრებები, კვლევები და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" სესხის გაცემის პირობები იყო.

„შეხვედრის მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) მიერ წარმოდგენილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული მოსაზრებები, კვლევები და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" სესხის გაცემის პირობები განიხილეს. ეს პირობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე - პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას და სხვა ცვლილებებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ დიალოგი კონსორციუმის მიერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვებისა და პროექტის წარმატებულად განხორციელების მიზნით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.