რატომ მოგივიდათ გაზის გაზრდილი გადასახადი იანვარში - კომპანია განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში მოქალაქეები ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასურის შესახებ საუბრობენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი წერს და აღნიშნავს, რომ იანვრის გაზისა და დენის საკმაოდ მაღალი გადასახადი დაერიცხათ.

აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია "სოკარი" განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტარიფის ზრდა ერთი მხრივ ზამთრის სეზონის დადგომას და მეორეს მხრივ, იანვარში დღესასწაულების სიმრავლეს უკავშირდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ „სოკარის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„კვლევების თანახმად ცნობილია, რომ გარე ტემპერატურის თუნდაც 1 გრადუსით დაწევა გაზის ხარჯის 3-4%-ით ზრდას იწვევს. თუ თქვენს საცხოვრებელ სახლში გამათბობელი გარკვეულ ტემპერატურაზეა დაყენებული, თქვენი დანადგარი შესაბამისი დატვირთვით მუშაობს, მაგრამ როგორც კი გარეთ ტემპერატურა დაიწევს, იმისთვის რომ თქვენს სახლში სასურველი ტემპერატურა შენარჩუნდეს, დანადგარს უწევს მეტი დატვირთვით მუშაობა, რაც შესაბამისად ზრდის გაზის მოხმარება/ხარჯს. აქვე გასათვალისწინებელია წყლის ტემპერატურის ცვალებადობაც. რაც უფრო დაბალია შემომავალი წყლის ტემპერატურა, მით მეტი ენერგიაა (მოცემულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზი) საჭირო მის გასათბობად. ამასთან, იანვარი დატვირთულია დღესასწაულებით. რაც ბუნებრივია, გაზის მოხმარებაზე აისახება.

„ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, თუ თქვენ კვლავ არ ეთანხმებით იანვარში განხორციელებულ დარიცხვას, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 16 114, სადაც ოპერატორები მოგაწოდებენ ინფორმაციას გასული წლების ანალოგიურ პერიოდის ხარჯებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ შედარებითი ანალიზი, ან მიმართოთ კომპანიის რაიონულ სერვის ცენტრებს, სადაც ინდივიდუალურად განიხილავენ თქვენს საკითხს.

ასევე თუ ეჭვი გაქვთ რომ თქვენი მრიცხველი გამართულად არ მუშაობს, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი შემოწმება, თქვენი მომართვის საფუძველზე მრიცხველი გაიგზავნება ექსპერტიზაზე და იმ შემთხვევაში თუ დადგინდა რომ მრიცხველი ცდომილებით აღრიცხავს, თქვენი ხარჯი დაკორექტირდება და ექსპერტიზის ხარჯს დაფარავს კომპანია, ხოლო თუ დადგინდება მრიცხველის გამართული მუშაობა, ხარჯები განმცხადებლის მიერ დაიფარება,“- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

თაია არდოტელი