ექსპორტიორები ხელოვნურ ბარიერებზე ალაპარაკდნენ

”მსგავსი დაბრკოლება რუსეთში არასოდეს შეგვხვედრია”

რუსეთის ბაზარმა ქართული პროდუქციისთვის საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა და ქართველ ექსპორტიორებსაც ამ მიმართულებით ახალი პერსპექტივები გაუჩნდათ. დღეს ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ ექსპორტის ხელშეწყობაზე... ერთ-ერთი, ვინც ამ სფეროში საკმაოდ წარმატებით საქმიანობს, შპს ”ფრუიტილიაა”. როგორც BPN-ს კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა უთხრა, მათ საქართველოდან სეზონის მიხედვით გააქვთ სხვადასხვა დასახელების პროდუქტი: ვაშლი, ყურძენი, ატამი, ციტრუსები, მწვანილი... ასევე გააქვთ დიდი რაოდენობით შინდი. ვახტანგ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ წლებია უკვე ამ მიმართულებით საქმიანობს და ფიტოსანიტარული სერტიფიკატის აღებისას პრობლემებს პირველად წააწყდა. კერძოდ, ატმის რუსეთში გასატანად თითო მანქანაზე დამატებით 500 ევრო მოსთხოვეს. ექსპორტიორთათვის ხელოვნური ბარიერების შექმნას უარყოფენ სურსათის უვნებლობის სამსახურში, თუმცა, როგორც იტყვიან, ფაქტი ჯიუტია. ჩვენ დავუკავშირდით ვახტანგ ბეჟიტაშვილს და ვცადეთ გაგვერკვია, რა პრობლემებისა და ბარიერების გადალახვა უწევთ რუსულ ბაზარზე მოქმედ ქართველ ექსპორტიორებს:

-დავიწყებ იმით, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ისევე, როგორც სხვა ქართველი ექსპორტიორებისათვის უმნიშვნელოვანესია. ყველამ იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუმრად იყვნენ რუსი ექსპერტები, რომლებმაც ჩვენი კომპანიის პროდუქციას დადებითი შეფასება მისცეს. იმ პერიოდში ჩვენ მოვასწარით და რუსეთში დაუბრკოლებლად შევიტანეთ ათას ტონამდე ატამი. ჩვენი პარტნიორებისაგან ახალი შეკვეთებიც მივიღეთ, სამომავლო გეგმებიც დავსახეთ, მაგრამ სამწუხაროდ, აქ, საქართველოში წავაწყდით პრობლემებს.

-ვისგან შეიქმნა ეს პრობლემები?

-ფიტოსანიტარული სამსახურისაგან, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა. გარკვეული საფასურის, კერძოდ, 25 ლარის სანაცვლოდ, ეს სამსახური იძლევა სერტიფიკატს, რომლის გარეშე პროდუქციას ვერსად გაიტან. უკვე წლებია ამ სფეროში ვსაქმიანობ და ამ საბუთის გამო დაბრკოლება არასოდეს შემხვედრია. ახლა კი, ფიტოსანიტარულ სამსახურში გადმოგვცეს რომელიღაც ასოციაციის ნომერი ("სასოფლო-სამეუნეო პროდუქციის მწარმოებელთა, ექსპორტიორთა და იმპორტიორთა ასოციაცია - ნობათი-2014") და მათთან შეთანხმება მოგვთხოვეს. ეს არის გაურკვეველი ორგანიზაცია, სადაც გაურკვეველი მომსახურების ნაცვლად ანაზღაურებას გვთხოვენ და ვინც მათთან არ ითანამშრომლებს, ფიტოსანიტარული სერტიფიკატის აღებისას პრობლემები ექმნება. დავუკავშირდი ამ ასოციაციის ხელმძღვანელ გოგი მჭედლიშვილს და შევხვდი კიდეც, საუბარი ჯერ 1000 დოლარიდან დაიწყო, ხოლო შემდეგ 500 ევრო მოითხოვეს, რომელიც იქვე, ასოციაციასთან არსებული შპს-ის ანგარიშზე უნდა გადაგვერიცხა. საქმეს რომ ჩავუღრმავდით, ვერანაირი არგუმენტაცია ვერ წარმოგვიდგინეს, თუ რაში გამოგვადგებოდა მათი სერვისი იმიტომ, რომ მათ გარეშე უკვე ასეულობით ტონა ატამი გვქონდა გატანილი და რუსეთის საბაჟოზე არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. ჩვენ ეს ამბავი გამოვამზეურეთ და უარი ვთქვით საფასურის გადახდაზე. ახლა კი, ისინი ცდილობენ საკადრისი პასუხი გაგვცენ. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი პრობლემები ფიტოსანიტარულ სამსახურთან, რომელიც გვაიძულებს ამ ასოციაციასთან ვითანამშრომლოთ.

-თუმცა, ამ სამსახურის მუშაკები თქვენს მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ.

- მაშ, რით უნდა აიხსნას, რომ თუ ადრე ერთ საათში ვიღებდით სერტიფიკატს, ახლა ამ მარტივ პროცედურას რამდენიმე დღე სჭირდება? მე სპეციალურად შევხვდი სოფლის მეურნეობის მინისტრის მაღალჩინოსნებს, მეგონა, რომ ეს პრობლემა გამოსწორდა, მაგრამ გუშინ დამირეკა ჩემმა წარმომადგენელმა და მითხრა- სერტიფიკატის გაცემაზე კვლავაც უარს გვეუბნებიანო. ადრე არასოდეს გვქონია ეს პრობლემა და ახლა რატომ გვაქვს?! ჩემი აზრით, ეს არის უკანონო, კორუფციული სქემა, რომლის გახმაურების გამოც ახლა სამაგიეროს გვიხდიან.

-ბატონო ვახტანგ, იმედია, რომ ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ როგორ გეპყრობიან რუსეთში, ან მათ საბაჟოზე ხომ არ გხვდებათ დაბრკოლებები?

-შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ იქ ჯერჯერობით არანაირი დაბრკოლება არ შეგვხვედრია. რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის რეალიზაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან დიდი მოთხოვნაა ქართულ ხილზე, რომელიც იქ თავის ადგილს წარმატებით პოულობს, რადგან ჩვენებური ხილი ეკოლოგიურად სუფთაა და უნიკალური გემოთი გამოირჩევა. როგორც ჩანს, ჩინოვნიკები ატყობენ, რომ ეს ერთ-ერთი პერსპექტიული დარგია და ცდილობენ ამ სფეროში მონოპოლია მოიპოვონ. სხვათა შორის, ჩვენ იქაური ფასებითაც კმაყოფილნი ვართ, თორემ მოგება რომ არ გვქონდეს, ექსპორტსაც შევწყვეტდით. რუსული ბაზარი იმითაც არის მიმზიდველი მთელი მსოფლიოსათვის, რომ იქ საკმაოდ მაღალი ფასებია.

-თქვენი პარტნიორები რუსები არიან?

-ჩვენ ჩაგვაქვს პროდუქცია და მას რეალიზაციას რუსეთში რეგისტრირებული კომერციული სუბიექტები უწევენ. იქ ქართული კომპანია რეალიზაციას ვერ შეძლებს, ეს იქაურმა უნდა გააკეთოს. სხვათა შორის, ქართული ხილი ყაზახეთშიც გაგვაქვს, ბელორუსშიც და სხვა ქვეყნებშიც... ჩვენი რუსი პარტნიორებისგანაც ჯერ არანაირი დაბრკოლება არ შეგვხვედრია, პირიქით, ჩვენს ნაწარმზე მოთხოვნა იზრდება, გვირეკავენ და ახალ შეკვეთებს გვაძლევენ. ჩვენთვის რუსულ ბაზარზე არანაირი დაბრკოლება არ არსებობს - ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. იქ მხოლოდ ფიტოსანიტარული სამსახური გვამოწმებს, წინააღმდეგობა არც საბაჟოს მუშაკებთან გვქონია და არც სახელმწიფო სტრუტურებთან. საკმაოდ კარგად გვემსახურებიან. რეალიზაციაში ძალიან გვეხმარებიან ეთნიკური ქართველები, ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. ძირითადად ისინი არიან ჩართული ჩვენთან პარტნიორულ ურთიერთობაში, თუმცა ჩვენს პარტნიორებს შორის არიან რუსული კომპანიებიც, რომლებთანაც წარმატებულად ვთანამშრომლობთ. ეს ასოციაცია რომ არ გამოჩენილიყო, ადრე არც ჩვენს ფიტოსანიტარულ სამსახურთან გვქონია პრობლემა. როგორც ჩანს, მათ ”ზემოდან” ავალებს ვიღაც, რომ დაბრკოლებები შეგვექმნას. ალბათ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ საქმით და ყველაფერს დროულად გაარკვევენ, რადგან ძალიან ადვილია იმ კორუფციული სქემის გაშიფვრა, რომლის გამოც ასე ვზარალდებით.

- როდის განაახლებთ პროდუქციის ექსპორტს რუსეთის ფედერაციაში?

- ამ ეტაპზე მუშაობა შეჩერებული გვაქვს. ეს იმ ხალხის უკმაყოფილებას იწვევს, რომელიც ხილს გვაბარებს და რა თქმა უნდა - ჩვენი თანამშრომლების უკმაყოფილებასაც, მაგრამ დამატებით 500 ევროს გადახდა პროდუქციასაც გაგვიძვირებს და ბევრ სირთულესაც შეგვიქმნის, ამიტომ, იძულებული ვართ საქმიანობა დროებით შევაჩეროთ.

BPN-ი სოფლის მეუნროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მანამდე "ფრუიტილიას" თავისი პროდუქციის გატანისას პრობლემა არ შექმნია და რომ კონკრეტულად ერთ პარტიას ჰქონდა ნაკლოვანებები და რუსული მხარის მიერ დადგენილ ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა. ”კერძოდ, მათი შესაფუთი მასალა არ იყო წესრიგში. როგორც კი მათი პროდუქტი რუსული მხარის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მერწმუნეთ, არანაირი პრობლემა არ ექნებათ. ბრალდბებები კი, რომელსაც კომპანია "ფრუიტილია" გვიყენებს, უსაფუძვლოა,"-ამბობენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ხათუნა ჩიგოგიძე