გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი?

ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი.

სემეკის ორგანიზებით, ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარეობს. პრეზენტაციას სემეკის წევრები, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი, ელექტროენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.

როგორც მარიამ ვალიშვილი აცხადებს, ახალი მეთოდოლოგია დაბალანსებულია და იცავს როგორც მომხმარებლის ინტერესებს, რომ დაცული იყოს მომხმარებელი გაზრდილი ფასებისა და არამიზნობრივი ხარჯებისგან, ასევე გარკვეულ მოტივაციას და გარანტიას აძლევს ინვესტორს, რომ ინვესტირებული თანხა გარკვეული მოგების ოდენობით ამოღებული იქნება.

ვალიშვილის თქმით, მეთოდოლოგიაში სამართლიანობის მაღალი ხარისხი შემოდის. რაც შეეხება იმას, იმოქმედებს, თუ არა ახალი მეთოდოლოგია ელექტროენერგიის ტარიფზე, ვალიშვილის თქმით, ტარიფის მნიშვნელოვნად გაზარდა ნამდვილად არ მოხდება.

"ახლა მიდის ფართომასშტაბიანი გადაანგარიშება ყველა იმ კომპონენტის, რომელიც ტარიფის შემადგენლობაში შედის. მე ვერ გეტყვით შედეგს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპონენტია, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ თუ ვთქვათ, ინვესტიცია იდება, იმან უნდა მოიტანოს შედეგი ნაკლები დანაკარგები, გაუმჯობესებული სერვისი, კარგი ხარისხი და შესაბამისად, ზედმეტი ხარჯის კომპენსაცია, მიღებული შედეგი ცალსახად არ უნდა მოქმედებდეს ტარიფზე და არ უნდა იზრდებოდეს. ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება", - განაცხადა ვალიშვილმა.

სემეკის წევრის, გოჩა შონიას თქმით, იქნება თუ არა ცვლილებები ტარიფებთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია.

"ჩვენ ახლა შევიმუშავეთ ახალი წესი ტარიფების დადგენის, შესაბამისად, ამ წესის ამოქმედების შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში, თუ როგორი იქნება ტარიფები. ახალი წესი არის ძალიან ფართოდ გავრცელებული წახალისებითი რეგულირება, რომელიც აძლევს ინვესტორს გარკვეულ სტიმულირებას, რომ მოიზიდონ ინვესტიციები ქსელში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ", - განაცხადა გოჩა შონიამ.