დაახლოებით 100 ბრიტანულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სტარტ-აპ კომპანიას, ლიტუვაში მუშაობაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად განაცხადი აქვს შეტანილი. მათ ბალტიისპირა ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრია, ფინტექ ჰაბის შექმნა სურთ, რისი მეშვეობითაც, ბრექსიტის შემდეგ ევროკავშრის ბაზარზე გასასვლელი ექნებათ.
ბრიტანეთი ევროკავშირიდან 29 მარტს გავა. მაგრამ ჯერ მათ შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება, რომელიც ბრექსიტის შემდგომ, მათს ურთიერთობას დაარეგულირებს. ხისტი ბრექსიტის შემთხვევაში, ბრიტანეთში ლიცენზირებული კომპანიებისთვის, ევროკავშირის ბაზარი მიუწვდომელი იქნება.
„ბრიტანული კომპანიები ფულის ინსტიტუციის ელექტრონული ლიცენზიების მიღებას ცდილობენ. ისე ჩანს, რომ ისინი - მათგან ბევრი საკმაოდ მოზრდილია, ისე ნერვიულობენ, როგორც სტუდენტი გამოცდის წინ“, - ამბობს ლიეტუვას ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრი მარიუს იურგილასი.
ის დასძენს, რომ ლიეტუვაში ფულის ინსტიტუციის ელექტრონული ლიცენზიების მისაღებად სამი თვეა საკმარისი, როცა იგივე საქმისთვის, ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში დაახლოებით წელია საჭირო. ამგვარად, ლიეტუვას სოლიდური უპირატესობა აქვს ისეთ ევროპულ ფინტექ ჰაბებთან, როგორებიცაა ლუქსემბურგი, ირლანდია და ბელგია.
„ეს ნამდვილი მოზღვავებაა. ჩვენ არ გვაქვს ამდენი განაცხადის დასამუშავებლად საჭირო რესურსები. ამიტომ განაცხადების გადარჩევა და პრიორიტეტების მიხედვით განხილვა მოგვიწევს“, - დასძენს იურგილასი.
ირლანდიის ცენტრალურმა ბანკმა ოქტომბერში გამოაცხადა, რომ ფინანსური სერვისების ფირმები ინტენსიურად ცდილობენ ქვეყანაში ლიცენზიების მოპოვებას. იმ დროისთვის, ბანკში ლიცენზიებზე 100-ზე მეტი განაცხადი იყო შეტანილი.
ლიეტუვამ ფინტექ კომპანიების მიზიდვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სულ 83 ლიცენზიის გაცემა მოასწრო. ამ მხრივ, ამ სფეროში, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, მასზე მეტი ლიცენზია მხოლოდ ბრიტანეთში იყო გაცემული.
იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ლიეტუვაში ლიცენზიების მოპოვებას ცდილობენ, არის „გუგლის“ ფინანსური შტო „რევოლუტი“, ბრიტანეთის ციფრული ბანკი და მათი მსგავსები. იურგილასი ამბობს, რომ შექმნილ სიტუაციაში, ქვეყნის ცენტრალური საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებას ცდილობს. ამასთან, ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფინტექ კომპანიების მოზღვავება, ლიეტუვაში მსუბუქი რეგულაციების შედეგია.