საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ოჯახმა 2018 წელს 3 ბინა, ერთი მიწის ნაკვეთი და სარდაფები იყიდა. საერთო ჯამში, დეპუტატის ოჯახმა უძრავი ქონების შეძენაში შარშან, 382 000 დოლარი და 500 ლარი დახარჯა.
კერძოდ, 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქუცნაშვილმა 2018 წელს 500 ლარად 2,4 კვ. მეტრი ფართობისა და 1 000 დოლარად 16,26 კვ. მეტრის ორი სარდაფი შეიძინა თბილისში; განვადებით იყიდა დედაქალაქში 48 კვ. მეტრის ბინა, რომლის საფასურიც 40 000 დოლარია; ასევე გასულ წელს დეპუტატმა 230 000 დოლარის მოცულობის იპოთეკური სესხით იყიდა თბილისში 915,61 კვ. მეტრი ფართობის სარდაფი, ბინა, ანტრესოლი, სხვენი.
რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, 2018 წელს დეპუტატის მეუღლემ სტეფანწმინდაში 888 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი 35 000 დოლარად; ხოლო მისმა მამამ იპოთეკური სესხისა და პირადი სახსრების საფუძველზე თბილისში 85,86 კვ. მეტრი ფართობის ბინა 76 000 დოლარად შეიძინა.
გარდა ამისა, ზაქარია ქუცნაშვილი ფლობს 136 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 36,7 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში; ამავე მისამართზე მდებარე 36,7 კვ. მეტრის არასაცხოვრებელ ფართს. მის საკუთრებაშია ასევე: 450 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი დაბა სიონში; 88,57 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში; 59,99 კვ. მეტრის ბინა თბილისში; თიანეთში, ხევსურთსოფელში მდებარე 602 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა და 345,92 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართის 70%-70%-იანი წილები. დეპუტატს ეკუთვნის ასევე მსუბუქი ავტომობილი - Toyota Land Cruiser Prado.
რაც შეეხება ქუცნაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 1 268.65 ლარი და 30 009.22 დოლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ზაქარია ქუცნაშვილი არის შპს “ქ ენდ ქ კონსალტინგის“ 60%-იანი წილის მფლობელია, თუმცა, საწარმოს საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ დეპუტატს კომპანიაში საკუთარი წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.
პარლამენტის წევრობისას ქუცნაშვილის შემოსავალმა 2018 წელს 56 835 ლარი; არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებით მიღებულმა შემოსავალმა კი ჯამში, 5 905 ლარი და 18 000 დოლარი შეადგინა.
ზაქარია ქუცნაშვილი მშობლებთან, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მამა ფლობს 1 110 კვ. მეტრი ფართობის, 2 019 კვ. მეტრის, 10 000 კვ. მეტრის სამ მიწის ნაკვეთსა და 155 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თიანეთში, სოფელ ხოფცაში. მის საკუთრებაშია ასევე: 379 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი და 496 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი თბილისში. ამასთან, ფლობს მსუბუქ ავტომობილს Honda CRV-ს. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 1 965,24 ლარი ჰქონდა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დეპუტატის მამა არის შპს „ჯეოინჟინერინგის“ 40,35%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 106 184,21 ლარის შემოსავალი მიიღო; ასევე ფლობს კოოპერატივი ნაფარეულის ბიო ღვინოს 20%-იან წილს. აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიაში 20%-იან წილს დეპუტატის დედაც ფლობს, თუმცა საწარმოს საქმიანობით მათ შემოსავალი არ მიუღიათ.
ამასთან, პარლამენტის წევრის მამის შემოსავალმა 2018 წელს შპს ,,ჯეოინჟინერინგის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 60 318,75 ლარი; ნავთობისა და გაზის კორპორაციის წევრობისას კი 22 500 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება დეპუტატის მეუღლეს, 2018 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთის გარდა, ის ფლობს 1 590 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს დიდ ლილოში. არის ასევე: შპს „ნიტა პროქურუმენტ გრუპის“ 33,3%-იანი წილის; შპს „მთის ფარმას“ 100%-იანი წილის, შპს „ერწოს მარკეტის“ 90%-იანი წილისა და შპს „იუნიფიშ გე“-ს 20%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, შპს ,,ნიტა პროქიურმენტ გრუპის" დირექტორის პოსტზე მისმა შემოსავალმა წინა წელს - 92 890,4 ლარი; შპს „მთის ფარმას“ დირექტორობისას - 1 250 ლარი; ხოლო „ქ ენდ ქ კონსალტინგის“ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე - 15 000 ლარი შეადგინა.