დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს დაგროვებითი პენსიის ალტერნატიული მოდელის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს.
კანონპროექტს მხარდაჭერა მხოლოდ 3-მა დეპუტატმა გამოუცხადა. სხდომის დასრულების შემდეგ ნაცვლიშვილის სქემის ხარვეზებზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ისაუბრა.
„კანონპროექტმა სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აქ იყო შეკითხვები საპენსიო ფონდს მიბმულ ბინათმშენებლობის პროცესში თანხების შემოტანაზე, გათვალისწინებული არ იყო ბიუჯეტს რაც აწვება გადასახადის წილი, შეკითხვები იყო ასევე სანდოობასთან გრძელვადიან პერსპექტივაში. შეკითხვები იყო რამდენად არის გათვალისწინებული ეკონომიკის ზრდის ტემპი. მთლიანობაში ამ საკითხებზე მსჯელობის შედეგად, პროექტმა სათანადო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პირადად მე, ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ დავუჭირე მხარი", -განაცხადა რომან კაკულიამ.