ფოთსა და ბაქოს შორის საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი SILK BRIDGE ივლის

ტვირთების ფოთიდან ბაქოში ტრანსპორტირებას 34 საათი დასჭირდება

სს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილ კომპანია "ტრანს კავკასუს ტერმინალსსა" და "აზერბაიჯანის რკინიგზას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ფოთი-ბაქოს (კიშლი) სარკინიგზო მონაკვეთზე, ბლოკ-მატარებელი რეისების შესრულებას დაიწყებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, მისი მეშვეობით ყოველ სამშაბათს და შაბათს ფოთიდან ბაქოს მიმართულებით განხორციელდება კონტეინერების გადაზიდვა. ტვირთების ფოთიდან ბაქოში ტრანსპორტირებას 34 საათი დასჭირდება.

15 ივლისს, ფოთში, 16:00 საათზე კომპანია "ტრანს კავკასუს ტერმინალსის" ტერმინალზე დაგეგმილია ფოთი-ბაქოს (კიშლი) ბლოკ-მატარებლის გახსნის საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე დაესწრება.

როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ამოქმედებით ტვირთმიმღებს საშუალება ექნება, მიიღოს თავისი ტვირთი 34 საათის განმავლობაში. პროექტი ასევე შეამცირებს საავტომობილო გზებზე საკონტეინერო მანქანების მოძრაობას, რაც მაგისტრალის განმუხტვისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.