„თხილის დაცვის პროგრამაში“ წარმოდგენილია ყველა ის კომპონენტი, რაც საჭიროა მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად"

„ვფიქრობ, „თხილის დაცვის პროგრამაში“ წარმოდგენილია ყველა ის კომპონენტი, რაც საჭიროა მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად,“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ჩვენ მრავალი ათასი ფერმერი უნდა ჩავრთოთ ამ პროგრამაში. საბოლოოდ, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ თხილი, რომელიც მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურა იყო და შემოსავლის დიდი წყარო ამ რეგიონისთვის, დაიბრუნოს თავისი პოზიცია.

მსოფლიოში თხილი მზარდი მოთხოვნის კულტურაა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს ამ კულტურის წარმოების კარგი პოტენციალი გააჩნია. დღეს ჩვენ, დაახლოებით, 40 000 ჰა–ზე მეტი თხილის პლანტაცია გვაქვს. შესაბამისად, თუ გვექნება მაღალი პროდუქტიულობა, ისეთი, როგორიც თხილის მწარმოებელ სხვა ქვეყნებს გააჩნიათ, ეს იქნება შემოსავლის დიდი წყარო ქვეყნისათვის და რეგიონისთვის.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა გავზარდოთ პროდუქტიულობა და პლანტაციების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა. ვფიქრობთ, რომ კიდევ უნდა წავახალისოთ თხილის და, ზოგადად, კაკლოვანი კულტურების წარმოება. ჩვენ მრავალწლიანი კულტურების გაშენების პროგრამაში ინტენსიურად ვუჭერთ მხარს კაკლოვანი კულტურების გაშენებას მთელი საქართველოს მასშტაბით. საბოლოოდ, საქართველო მსოფლიო ბაზარზე, კაკლოვანი კულტურების მიწოდების კუთხით, შეიძლება, მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.