აუდიტის სამსახური აფხაზეთის მთავრობის მიერ სამივლინებო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სამივლინებო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, აფხაზეთის მთავრობის მთავარი სპეციალისტი 2017 წელს კრაკოვში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, თუმცა მისი სიტყვით გამოსვლის შინაარსი მივლინებასთან შეუსაბამო იყო.

უწყების განმარტებით, კრაკოვში გამართულ კონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სპეციალისტი წარდგა მოხსენებითა და პრეზენტაციით, თემაზე: „საზოგადოებასთან ურთიერთობა და სახალხო მუსიკის სტილი შეერთებულ შტატებში“, ხოლო ქალაქ ელ- მაფრაკში გამართულ კონფერენციაზე თემის − „პიარი და თანამედროვე მუსიკა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი“ პრეზენტაციით.

ჯამში ამ ორ მივლინებაზე ბიუჯეტიდან 2,357.6 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ფაქტობრივად ვერ დასტურდება კონკრეტულად რა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყო მივლინებული მთავარი სპეციალისტი, ვინაიდან აღნიშნული გამგზავრებები, მათი მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საერთოდ არ ყოფილა მივლინება, შესაბამისად, საბიუჯეტო სახსრები გახარჯულია კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ.

„მთავრობის აპარატის 2017 წლის მივლინების ხარჯებმა შეადგინა 34,942.58 ლარი, მათ შორის, 6,971.16 ლარი გაიხარჯა თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით მივლინების ხარჯების ასანაზღაურებლად, ხოლო 27,971.42 ლარი − ქვეყნის გარეთ, კერძოდ: მთავრობის თავმჯდომარის 4-ჯერ − შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მივლინების ხარჯებისა და 2-ჯერ − მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოლონეთის ქალაქ კრაკოვსა და იორდანიის ქალაქ ელ-მაფრაკში მივლინების ხარჯების ანაზღაურების მიზნით. აღნიშნული მიუთითებს შესაბამისი კონტროლების ნაკლოვანებებზე და იწვევს საბიუჯეტო სახსრების კანონშეუსაბამოდ, არამიზნობრივად და არაეკონომიურად ხარჯვას“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, გატარდეს ქმედითი ღონისძიებები, რათა 2017 წელს კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ გახარჯული მივლინების თანხები ბიუჯეტის ანგარიშზე აღდგეს.