ზურაბ ტყემალაძე: იმის თქმა, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება ტარიფის ზრდას გამოიწვევს, ნამდვილად არ შეიძლება

სემეკ-ის მიერ პრეზენტირებული, ელექტროენერგიის ტარიფის გაანგარიშების ახალი მეთოდოლოგია იმის თქმის საფუძველს არ იძლევა, რომ ტარიფი აუცილებლად გაიზრდება.

ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, მთელი რიგი მეთოდოლოგიები იმდაგვარად უნდა დაიხვეწოს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია და გაანგარიშების მეთოდოლოგია იმ საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნოს, რაც მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებშია. ამასთან, ტყემალაძის თქმით, არის დამცავი მექანიზმები, რომ რაიმე სოციალურად დაუცველ ფენებს არ დაემუქროს.

ტყემალაძის განმარტებით, ინვესტიცია ტარიფში უნდა აისახოს, მაგრამ იმავდროულად, უნდა განხორციელდეს ტარიფის იმ კომპონენტების შემცირება, რისი დაძლევისთვისაც ინვესტიცია ხორციელდება. ამ კონტექსტში მაგალისთვის ტყემალაძემ დანაკარგების კომპონენტი დაასახელა.

"ცალსახად იმის თქმა, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება ტარიფის ზრდას გამოიწვევს, ნამდვილად არ შეიძლება. ინვესტიცია ხორციელდება იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს – გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს ტექნოლოგია, შემცირდეს ზედმეტი ხარჯები და დანაკარგები. ამ ყველაფერმა ერთმანეთი უნდა დააბალანსოს. შემოდის გაანგარიშების ახალი მეთოდი. ამ მეთოდის საფუძველზე გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ამას ტარიფების გაზრდა კი არა, შემცირებაც შეიძლება მოჰყვეს. მინდა გითხრათ, რომ სახიფათო არაფერია. ასოცირების ხელშეკრულება არ მოითხოვს, რომ რაღაც უსაშველო მოხდეს. გათვალისწინებულია ისიც, რომ გარკვეულწილად მოხდეს სოციალურად დაუცველი ფენის სუბსიდირება, რათა ტარიფებმა მათზე უარყოფითად არ იმოქმედოს", -აცხადებს ტყემალაძე.