"ენერგო პრო" : თუ სახელმწიფოს უნდა, რომ ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები უნდა გაიზარდოს

თუ სახელმწიფოს და კომისიას უნდათ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა ელექტროენერგიის ახალი მეთოდოლოგიის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკოლოვის თქმით, ახალი მეთოდოლოგია გამჭვირვალე და მისაღებია.

"ჩვენი კომპანია უკვე წელიწადზე მეტია მუშაობს ამ მეთოდოლოგიაზე. ყველა მონაცემი, რაც სჭირდებოდა კომისიას ტარიფების განსაზღვრისთვის, ჩვენ უკვე მივაწოდეთ. ეს ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაა, რომელიც ასახავს ქვეყანაში არსებულ ტენდენციას. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ახალ ტარიფებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ტარიფები ასახავს კომპანიის მოთხოვნილებებს. ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ ამას. თუ საჭიროა ინვესტიციები, მაშინ, რა თქმა უნდა, ტარიფი უნდა გაიზარდოს. ეს გამომდინარეობს ქსელის მდგომარეობიდან. ასე რომ, თუ სახელმწიფოს და კომისიას უნდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს", - განაცხადა ნიკოლოვმა.

ამასთან კითხვაზე, როგორი იქნება "ენერგო პრო ჯორჯიას" ინვესტიციების პაკეტი 2015 წელს, ნიკოლოვის თქმით, კომპანიამ შეიმუშავა ინვესტიციების სამწლიანი გეგმა, და კომპანია წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.